საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შემდეგ, ფიშერს კანცელარიაში ჟორჟოლიანი შეხვდა

პუბლიკა

პრესსამსახურის ინფორმაციით, „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს შეხვდა. გუშინ პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟორჟოლიანმა და ფიშემრა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატის დაბარებაზე, ასევე გრანტების შესახებ კანონზე. განცხადებაში წერია, რომ ფიშერმა ჟორჟოლიანს „სთხოვა, საქართველოს მთავრობამ დაუშვას გამონაკლისი გერმანული ორგანიზაციების  მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტების შეთანხმების მიმართულებით“.

„აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ არის კმაყოფილი ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული ურთიერთობების დონით და იმედოვნებს, რომ ვითარება შეიცვლება.

საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატის დაბარებას. აღინიშნა, რომ ეს დიპლომატიური ზომა შესაბამის წინაპირობებს ეფუძნებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებს და იმედოვნებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების საქმიანობა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის პრინციპების შესაბამისად გაგრძელდება.

შეხვედრისას ასევე ისაუბრეს გრანტების შესახებ საქართველოს კანონზე. გერმანიის ელჩმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს სთხოვა, საქართველოს მთავრობამ დაუშვას გამონაკლისი გერმანული ორგანიზაციების მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტების შეთანხმების მიმართულებით. ლევან ჟორჟოლიანმა ელჩს გრანტების გაცემაზე თანხმობის მიღების პროცედურა განუმარტა და აღნიშნა, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებს, შესაბამისად საქართველოს მთავრობა დისკრიმინაციულ მიდგომებს ვერ დაუშვებს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

პეტერ ფიშერს და საელჩოს შეხვედრასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. რაც შეეხება საგარეო უწყებაში დაბარებას, ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„გერმანია-საქართველოს ურთიერთობების ასეთ დონეზე გაუარესებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლებს, ვინც თავიანთი რიტორიკითა და ქმედებებით გამოიწვია ეს, დაბლოკა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. არ მომისმინეს. მე არ ვარ რადიკალი. გერმანია რჩება საქართველოს მეგობრად“.

ფაქტს გამოეხმაურა გერმანიის საგარეოც, უწყებამ ელჩის დაბარებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ კატეგორიულად გმობენ „ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ.