„სალამ“: ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენს წინააღმდეგ დაიწყო რეპრესიული კანონის ამოქმედება

პუბლიკა

პლატფორმა „სალამ“ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დღეს, 25 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროდან მიიღეს წერილი. უწყება მათ სთხოვს „გარკვეული სახის მოცულობითი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას“.

პლატფორმა აცხადებს, რომ წერილი მათ წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებშია გამოგზავნილი.

„ანტიკორუფციულმა ბიურომ პლატფორმა „სალამ-ის“ წინააღმდეგ დაიწყო რეპრესიული კანონის ამოქმედება.

დღეს, 25 სექტემბერს პლატფორმა „სალამ-მა“ ჩაიბარა ანტიკორუფციული ბიუროს წერილი, რომელიც პლატფორმის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებშია გამოგზავნილი. წერილის თანახმად, წარმოება დაწყებულია „გრანტის შესახებ“ კანონზე დაყრდნობით და ბიურო პლატფორმა „სალამს“ სთხოვს გარკვეული სახის მოცულობითი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას.

გაცნობებთ, რომ პლატფორმა „სალამი“ წარმოადგენს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციას.[…]

რეპრესიული კანონების მიღებამ მნიშვნელოვნად გააუარესა პლატფორმა „სალამ-ის“ მდგომარეობა და შექმნა (და კვლავაც ქმნის) ხელოვნურ ფინანსურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ ბარიერებს. შედეგად, პლატფორმას ეზღუდება შესაძლებლობა, ეფექტიანად დაიცვას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები.

დღეს რეპრესიული კანონების მეშვეობით ხდება მცდელობა, რომ უმცირესობებს, რომლებსაც ისედაც შეზღუდული უფლებები აქვთ, სრულად წაერთვათ მათთვის დარჩენილი ბერკეტებიც. პლატფორმა „სალამი“ განაგრძობს ბრძოლას და არ დაუშვებს უმცირესობების უფლებების წართმევას“, – წერია განცხადებაში.


22 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელით, დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონების რეპრესიული აღსრულების ახალი ეტაპი 30-მდე ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წინააღმდეგ.

NGO-ების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 სექტემბერს გამოსცა ბრძანება 9 ორგანიზაციასთან მიმართებით. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა რაჟდენ კუპრაშვილის უწყების შუამდგომლობა და ორგანიზაციები დაავალდებულა ბიუროს მიაწოდონ საქმიანობასთან დაკავშირებული მოცულობითი ინფორმაცია. 

ორგანიზაციების შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებები წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციების დევნისა და ზეწოლის ერთიანი პროცესის ნაწილს.