საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა საბოლოო გადაწყვეტილება ე.წ. პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით.
სასამართლომ მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში, ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა მიიღო.
„ფინანსთა სამინისტრომ იჩივლა სასამართლოში და თქვა, მიხეილ სააკაშვილმა და თემურ ჯანაშიამ აანაზღაურონ პიჯაკების შესაძენად გაწეული ხარჯიო, აქამდე ხომ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა, ეს სასჯელები და ეს სრულად უკანონო მსჯავრდება რაც დაედო მიხილ სააკაშვილს – 9 წელი სრულად წარმოუდგენელი ბრალდებებით, სამარცხვონო ბრალდებით, ამ ქვეყნის მართლმსაჯულების ისტორიაში, ახლა ფინანსური დევნა გრძელდება, სააპელაციო განხილვის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა და ხელის გულზე გამოჩნდა რამდენად დაუსაბუთებელი და უკანონოა პროკურატურის პოზიცია“, – ამბობს სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია „ტვ პირველთან“.
მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს აღნიშნულ საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რის შემდეგაც, სასამართლოში მათ წინააღმდეგ ე.წ. პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით გაფლანგული ფულის, რომლის ოდენობაც 9 მილიონ ლარამდეა, ამოღების მიზნით, სახელმწიფომ სამოქალაქო დავა დაიწყო.
****
პროკურატურის მიხედვით, იმისთვის, რომ დაემალა საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივი ხარჯვა, მიხეილ სააკაშვილმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, საიდუმლო ფორმით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებული სდსს-თვის გამოყო თანხები.
ბრალდების მტკიცებით, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი.
ხარჯი სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით ჩამოიწერა და დოკუმენტებს უკანონოდ მიენიჭა გრიფი „საიდუმლო“.
პროკურატურის მიხედვით, არამიზნობრივ ხარჯს შორის იყო, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის სტილისტის, ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილი ფული, პრეზიდენტის ესპანელი მზარეულის, სერქიო ქალდერონ ლატასას ანაზღაურება და მისთვის გაწეული სხვა ხარჯი.
ასევე, სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ ვიზიტებისას სხვადასხვა დროს დაქირავებული ავიალაინერის, ლიმუზინისა და მინივენის, ვერტმფრენის ხარჯი, მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავასათვის ავსტრიაში დაქირავებული „პორშეს“, „მერსედესისა“ და „აუდის“ მარკების ავტომანქანებში დახარჯული თანხა, მაჯის საათებში გადახდილი ფული.
ასევე, მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქიშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილი თანხა, რის გამოც ამ საქმეს ე.წ. პიჯაკების საქმეც შეერქვა.