გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

პუბლიკა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს, ალექსანდრე ბაჩიაშვილსა და მარინა რამაზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება ეკა ბარბაქაძემ მიიღო.

65 წლის მარინა რამაზაშვილსა და 75 წლის ალექსანდრე ბაჩიაშვილს ბრალად ედებათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში (ფულის გათეთრება) თანამონაწილეობა.

ბრალდებულები საქართველოში არ არიან და სასამართლო სხდომას არ ესწრებოდნენ.

პროკურატურის ვერსიით, გიორგი ბაჩიაშვილს მითვისებული „ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8 986.8675 ბიტკოინის“ ლეგალიზებაში მშობლები დაეხმარნენ.

კერძოდ, გამოძიების მტკიცებით, ალექსანდრე ბაჩიაშვილსა და მარინა რამაზაშვილს საზღვარგარეთიდან საქართველოში თანხები და აქტივები გადმოჰქონდათ, ურევდნენ სხვა აქტივებს, იძენდნენ ქონებებს და მიღებული თანხა გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე გადაჰქონდათ. ამ მოქმედებების შედეგად ინიღბებოდა უკანონო შემოსავლები.

გიორგი ბაჩიაშვილის შეფასებით, დადასტურდა, რომ მასზე შურისძიებას ცდილობენ.

„ის, რომ ყველა ეს პროცესი არის ჩემზე შურისძიება და ჩემი ოჯახისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნა, გუშინ დადასტურდა. ის, რომ 7 წლის წინ ნაყიდი 2-ოთახიანი ბინა და 5 წლის წინ ნაყიდი ავტომობილი, თურმე ფულის გათეთრების რაღაც სქემა არის და ამის გამო ჩემი მშობლები, 75 წლის მამაჩემი, ქირურგი, რომელიც მთელი ცხოვრება ეხმარებოდა ავადმყოფებს და ასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი და 65 წლის დედაჩემი, რომელიც თვალის ექიმი არის და საკმაოდ ცნობილი არის საქართველოში, გამოიყვანეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად.

ეს არის უბრალოდ აბსურდი. მეტსა ვიტყვი, ეს არის უნამუსობა უბრალოდ – ასე ადამიანებზე ჩირქის მოცხება. სამართალთან ამას საერთო არაფერი აქვს და ადამიანობასთანაც კი ამას საერთო არაფერი აქვს“, – თქვა ბაჩიაშვილმა „ნეტგაზეთის“ ცნობით.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ყადაღა დაედო ბაჩიაშვილის მშობლების ანგარიშებს და დანაშაულის ჩადენის შემდეგ შეძენილ მის აქტივებს.