კუპრაძე: თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი გარჩევადობის ვიდეოკამერები დამონტაჟდება, რათა ვამხილოთ გაყალბების მცდელობა

პუბლიკა

„ძლიერი საქართველო – ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, 4 ოქტომბერს თბილისის საარჩევნო უბნებში არსებულ ვითარებას საზოგადოება ონლაინ რეჟიმში დააკვირდება. მისი განცხადებით, „ძლიერი საქართველო – ლელო“ თბილისის ყველა საარჩევნო ოლქში, 582-ვე უბანში, ამონტაჟებს კამერებს, რომლებიც პროცესს უწყვეტად ჩაიწერენ.

კუპრაძის განცხადებით, სათვალთვალო კამერების საშუალებით მოხდება საარჩევნო პროცესის დაკვირვება, ჩაწერა და დარღვევების გამოვლენა.

მისივე თქმით, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ „რიგი შეცდომები დაუშვა“ და ამიტომ, ამ „შეცდომების გამოსწორება და საარჩევნო უბნების კონტროლი მნიშვნელოვანია“.

„ჩვენ, ოპოზიციამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დავუშვით რიგი შეცდომები. ამ შეცდომების გამოსწორება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ვამხილოთ თავის დანაშაულებრივ პოლიტიკაში და ნაბიჯებში ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საარჩევნო უბნებზე ხორციელდებოდეს მაქსიმალური კონტროლი, მონიტორინგი და დავიჭიროთ „ქართული ოცნება“ იმ დანაშაულებზე, რომელსაც ის საარჩევნო უბნებზე ჩადის.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც გაყალბდა, ჩვენმა კოალიციამ დავთმეთ თითოეული მანდატი და პარტიული სიები ჩავხსენით. მას შემდეგ, ყოველდღიურად ვმუშაობთ საარჩევნო პროცესის უკეთეს დაკვირვებაზე და იმაზე, რომ თითოეული თქვენგანის ხმა დაცული იყოს. თბილისი, გაყალბების პირობებშიც კი თბილისელებმა მოვიგეთ და რეალურად, „ქართული ოცნება დავამარცხეთ. თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ 98 ათასით ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე პროდასავლურმა ოპოზიციამ. ეს არის ნიშანი და გზავნილი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დედაქალაქში მარცხდება.

ჩვენ დღეს, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, წარმოგიდგენთ მაღალტექნოლოგიური, მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერებს, რომლებიც თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დამონტაჟდება და შესაძლებლობას მოგვცემს, ვამხილოთ და აღვკვეთოთ ე.წ. კარუსელები და გაყალბების მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან. ამ ვიდეოკამერები, შესაძლებლობა გვექნება, სრულად დავაკვირდეთ საარჩევნო პროცესს, ჩავიწეროთ ის და აღმოვაჩინოთ ყველა ის მძიმე დანაშაულებრივი დარღვევა, რისი მცდელობაც ყოველთვის ექნება „ქართულ ოცნებას“.

თითოეულმა პირმა, რომელსაც დღეს „ქართული ოცნების“ ძალადობრივი რეჟიმის მხრიდან აქვს დავალება, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნების გაყალბებაში, უნდა იცოდეს, რომ აუცილებლად იქნებიან იდენტიფიცირებულები. მათ დამოუკიდებელი სასამართლოსა და პროკურატურის წინაშე სისხლის სამართლის პასუხისგება მოუწევთ იმ მთავარი დანაშაულისთვის, რაც საქართველოსა და თბილისის მოქალაქეებისთვის მომავლის წართმევა და არჩევნების გაყალბებაა. ჩვენი ბრძოლა არ გაჩერდება. დანარჩენი მხოლოდ და მხოლოდ თბილისელებზე და საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული, რომლებმაც ყველა შანსი უნდა გამოიყენონ რუსული რეჟიმისა და ივანიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.