ხვალიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა აიკრძალა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილის 21:00-დან საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა აიკრძალება. აკრძალვა 10 დღეს გაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში გვყავს 30 ინფიცირებული. დღეის მდგომარეობუთ, კვლევა მიმდინარეობს, დაახლოებით, 500 ადამიანზე, ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულმასშტაბიან შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით. მძიმე კარანტინის ზომები, რომლებიც, თითქმის, ყველა კვირას მრავლობს, ამ ფაქტს ადასტურებს. ამასთან ერთად იმ ფაქტის კონსტანტირებაც უნდა მოვახდინოთ, რომ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ეპიდემილოგებს, მეცნიერებს, ექიმებს, მაგრამ ზუსტად ვერავინ ვერ გვეუბნება, გავრცელების პიკი როდის იქნება. შეუძლებელია იმის პროგნოზირება, როდის მოხდება პიკი. ამ გაურკვევლობის ზონაში მთავრობის ნაბიჯებსა და მოქმედებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ყველა სახის მოძრაობა, ქალაქში არა, ქალაქში შესვლა და გამოსვლა იყოს აკრძალული 10 დღით. ჩვენ ამ ნაბიჯით მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ  ქალაქებში მობილურობის დოზა დავწიოთ კიდევ უფრო ქვევით”, – განაცხადა გახარიამ.