შსს: დავაკავეთ 3 პირი, რომლებმაც ფოთში ბენზინგასამართი სადგურიდან 25 ტონამდე საწვავი მოიპარეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი – 1975 წელს დაბადებული დ.კ., 1986 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1997 წელს დაბადებული ჯ.პ. დააკავეს.

უწყება ამბობს, რომ მათ ფოთში ერთ-ერთი ბენზინგასამართი ობიექტიდან 25 ტონამდე საწვავი მოიპარეს:

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც  სხვადასხვა დროს დასაქმებულები იყვნენ ფოთში მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ ობიექტზე, ამავე ბენზინგასამართი სადგურიდან, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ 47 496 ლარის ღირებულების 25 ტონამდე საწვავს“.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.