„ამიკრძალეს ბლოკნოტისა და კალმის შემოტანა, შემიზღუდეს ხანმოკლე პაემნები“, – მიმართა პოეტმა ზვიად რატიანმა სასამართლო სხდომაზე დამსწრეთ, ვიდრე საბადრაგო სამსახური დარბაზს დაატოვებინებდა.
სასამართლო სხდომის დასრულებისას ზვიად რატიანმა თავდაპირველად ამის შესახებ მოსამართლესთან სცადა საუბარი, მაგრამ მისი პასუხის შემდეგ, რომ ეს საკითხი მას არ ეხებოდა, დარბაზსა და ჟურნალისტებს მიმართა.
რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა ზვიად რატიანის მეგობარმა სოფო პილავოვამ, რომ რატიანისთვის ბლოკნოტი და კალმები არ შეატანინეს.
„შემქონდა წიგნივით ბლოკნოტი, რეზინი რომ აქვს გადაკრული, ისეთი. მე არ მოვაჭერი რეზინი, ვიფიქრე, თუ რამე ზედმეტია, თავად მოაჭრიდნენ. უკან რომ მომაწოდა, ვუთხარი, შეგიძლიათ, მოაჭრათ-მეთქი და არა, არა, ახალი დადგენილებით, არ შეიძლება კალმებისა და რვეულების შემოტანაო. როდიდან მეთქი და 3 დღის წინანდელიაო. მე ბლოკნოტი იქამდეც მაქვს შეგზავნილი… მწვანე, წითელი და ლურჯი ფერის კალმებიც შემქნოდა და არც ისინი შემატანინეს… ერთ შეტანაზე შეგიძლია 5 კალმის შეტანა. წინა ორშაბათს 5 კალამი შევუტანე, ახლა არ შემატანინეს. პირველად დამემართა ასეთი რამ, კალმები სულ შემაქვს. კიდევ ერთხელ უნდა ვცადო“, – უთხრა „პუბლიკას“ სოფო პილავოვამ.
პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს იგი საწერი საშუალებითა და ქაღალდით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადაეცემა გონივრული რაოდენობის საწერი საშუალება და ქაღალდი.
იუსტიციის სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურში „პუბლიკას“ განუმარტეს, რომ „დაწესებულებაში ამანათის სახით საწერი და სახატავი საშუალებების შეგზავნას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს მისთვის სასურველი საწერი და სახატავი საშუალებები, რომლებიც შემდგომ შეეძლება, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად.“
ზვიად რატიანის პროცესი დასრულდა. მომდევნო სხდომა 9 ოქტომბერს, 5 საათზე გაიმართება, რომელზეც პოეტი საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს.