განვითარებულ მოვლენებზე შსს-მ გამოძიება 4 მუხლით დაიწყო - მათი ცნობით, აქციაზე დაშავდა 14 პოლიციელი

პუბლიკა

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, თუმცა ვინ და რა მუხლებით, ამაზე ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

„დაგიდასტურებთ, რომ დაკავებულია რამდენიმე პირი. მოგვიანებით გავავრცელებთ, ვინ არის დაკავებული, რა მუხლით და რა წარმოება აქვს დაწყებული შსს-ს“, – თქვა მან.

დარახველიძის ცნობით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავდა 14 პოლიციელი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

„საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელია დაშავებული.

დაშავებულ პოლიციელებს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება აღენიშნებათ, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მძიმე მდგომარეობაშია. მათ შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით“, – თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.


ორბელიანის მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და საპოლიციო ძალებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო.

სპეციალური რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებდნენ ე.წ. წიწაკის სპრეის, ადგილზე გამოიყენეს წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულიც.

აქციის მონაწილეებმა ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ღობე მოარღვიეს და ჭიშკარი შეანგრიეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი. მათ დემონსტრანტების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

მანამდე აქციის მონაწილეებმა დაანგრიეს ჯებირები, რომლებიც ადგილზე იყო აღმართული.

დემონსტრანტებმა ათონელზე პრეზიდენტის სასახლესთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც შესაბამისი მოწოდება მურთაზ ზოდელავამ თავისუფლების მოედანზე გააკეთა.