დაშავებული სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გამოვლინდა ქალა ტვინის ტრავმა - ექიმი

პუბლიკა

ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის, ანი დალაქიშვილის განცხადებით, ათონელის საპრეზიდენტო სასახლესთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად  დაშავებული სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ამ დილით პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი კონტაქტური და ადეკვატურია. გუშინ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, პაციენტთან გამოვლინდა ქალა ტვინის ტრავმა. კერძოდ, სისხლჩაქცევა. მარჯვნივ საფეთქლის ძვლის ხაზოვანი და ფრაგმენტული მოტეხილობა. ამ დილით კვლავ ჩატარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც დადებითი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, პაციენტი რაიმე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს, გრძელდება მკურნალობა და იმყოფება ნეიროქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ. ხვალ იგეგმება პალატაში გადაყვანა“,- უთხრა მან ჟურნალისტებს „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.

როგორც ექიმი ამბობს, გუშინდელი აქციიდან სულ ხუთი დაშავებული შეიყვანეს „ინგოროყვას“კლინიკაში.

მათგან სამი ამბულატორიული მეთვალყურეობით გაეწერა ბინაზე.

კიდევ ერთი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას მსუბუქი ტვინის შერყევით.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე განვითარებული მოვლენების შედეგა საავადმყოფოში აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი გადაიყვანეს. მათივე ცნობით, 30-მდე პირს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.