ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში 4 ოქტომბერს ჩატარებულ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს ეხმაურება. ეს განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა ნორვეგიის საელჩომ საქართველოში:
„საქართველოს დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა. OSCE/ODIHR-ს არ მიეცა საშუალება, დაჰკვირვებოდა ადგილობრივ არჩევნებს, მათი რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული. დასანანია, რომ გამოყენებული იქნა ძალადობა. რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების პატიმრობაში ყოფნა კიდევ უფრო ამცირებს ნდობას საქართველოს არჩევნების მიმართ“.
4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ჩატარდა. ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს პროდასავლური ოპოზიციის ნაწილი. პარალელურად ამავე დღეს გაიმართა საპროტესტო აქცია. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა მურთაზ ზოდელავას გამოსვლის შემდეგ ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლესთან გადაინაცვლა, რამდენიმე ადამიანმა გაარღვია ჯებირი და ეზოში შეიჭრა. მალევე სასახლის ეზოში და მიმდებარედაც გამოჩნდა სპეცრაზმი. შსს-მ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და წიწაკის სპრეი. იმავე დღეს დააკავეს „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ 5 წევრი. მათ ბრალდება უკვე წარედგინათ.