ენმ-ის ცნობით, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულია მათი 4 წევრი

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებიდან 4 პირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

„გუშინ საღამოს რუს კრიმინალთა და მოღალატეთა რეჟიმმა 15 სრულიად უდანაშაულო მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი წევრი: ალექსანდრე ხაბეიშვილი, სერგო მეგრელიშვილი, აბო ნავერიანი და კახა მჟავანაძე. რეჟიმის ამოცანაა პატრიოტების დაშინება, მაგრამ არ ესმით, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსულ მმართველობას.

რეჟიმის ამოცანაა პატრიოტების დაშინება, რათა მათ საქართველოს რუსეთის მარიონეტული რეჟიმისგან გათავისუფლებისათვის ბრძოლა შეწყვიტონ. მათ არ ესმით, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსულ მმართველობას, არასდროს შეეგუება კრიმინალთა ბანდის მიერ საქართველოს მისაკუთრებას. მშვიდობიანი ბრძოლა გაგრძელდება და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება! სოლიდარობა და თანადგომა რეჟიმის ყველა პოლიტიკურ პატიმარს! დიდება საქართველოს!” – წერია განცხადებაში.

შსს-მ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით 13 ადამიანი დააკავა. 2 პირის ძებნა კი გრძელდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე ( მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ),  225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა), 222-ე (ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება) და 187-ე ( ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარეობს.