„ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეომასალას ფარულად, ნებართვის გარეშე ინახავდა“ - დააკავეს ერთი პირი

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის, Instagram-ის, მეშვეობით სხვადასხვა პირს სწერდა, რა დროსაც მათ მიერ გადმოგზავნილ პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეომასალას ფარულად, დაზარალებულების ნებართვის გარეშე ინახავდა.

ხოლო ერთ-ერთ არასრულწლოვან დაზარალებულს, ურთიერთობის გაგრძელების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული მასალის გავრცელებით ემუქრებოდა.

„ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული ათეულობით პირის ინტიმური შინაარსის ფოტო- და ვიდეომასალა. ამჟამად მიმდინარეობს დაზარალებულ პირთა იდენტიფიცირება და მათი გამოკითხვა.

პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებული სასამართლო განჩინების საფუძველზე, 7 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინება , რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.