სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, წალკის მუნიციპალიტეტში მიკედლებული ძაღლის ცოფით სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა. უწყება ამბობს, რომ შემთხვევა სოფელ დარაკოვში მოხდა.
„სააგენტოს ვეტერინარებმა დაავადების კერაში მყისიერად დაიწყეს საკარანტინო ღონისძიებები – ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია, სადეზინფექციო სამუშაოები, ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. ფაქტის შესახებ ეცნობა ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურებს“, – აცხადებს სეს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხოველებში ცოფის 6 შემთხვევაა გამოვლენილი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი/კატა) ცრის.
ამავდროულად, სეს ამბობს, რომ აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხორციელდება უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა.
„დღეის მდგომარეობით, კასტრაცია/სტერილიზაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 3761-ზე მეტ უპატრონო/მიკედლებულ ძაღლს ჩაუტარდა. საპილოტე პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გრძელდება.
სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ საკუთარ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია, ასევე, მხარი დაუჭირონ პროგრამას, რომელიც უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლს ისახავს მიზნად, რათა თავიდან ავიცილოთ ცხოველების ცოფით დაავადება და საფრთხე არ შეექმნას ადამიანების სიცოცხლეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.