ეპარქიულმა კომისიამ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს გაფრთხილება მისცა და მომავალ კომისიაზე დაიბარა

პუბლიკა

საპატრიარქომ გამოაქვეყნა 16 ოქტომბერს გამართული საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნა. კომისიამ განიხილა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) საკითხი, კერძოდ მასმედიის საშუალებებით გაკეთებული განცხადებები და საჯარო გამოსვლები.

არქიმანდრიტი ამ კომისიას არ ესწრებოდა. კომისია ამტკიცებს, რომ სასულიერო პირის საუბრებში „გამოიკვეთა წმინდა სინოდის, ცალკეული სასულიერო პირებისა და მორწმუნე საზოგადოების მისამართით დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები“.

„კომისიის წევრებმა შეაფასეს არქიმანდრიტ დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებული განცხადებები და საჯარო გამოსვლები, სადაც იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები. კერძოდ, მის საუბრებში, როგორც ამბიონიდან, ისე საჯარო გამოსვლებში, გამოიკვეთა წმინდა სინოდის, ცალკეული სასულიერო პირებისა და მორწმუნე საზოგადოების მისამართით დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ასევე, მისი მხრიდან ადგილი აქვს ცილისწამების გავრცელებას, თითქოს მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, საპატრიარქოში შეხვედრისას, მას თავისი პოლიტიკური პოზიციის გამო მოეთხოვა პასუხი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიაზე, რომელზეც დაბარებული იყო და მღვდელმთავრებთან საკუთარი პოზიციის განმარტების საშუალება მიეცემოდა, არქიმანდრიტი დოროთე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. ეს კი სასულიერო პირის მხრიდან სერიოზულ დისციპლინურ დარღვევას წარმოადგენს“, – წერია დასკვნაში.

კომისიის წევრებმა დასკვნის სახით მიიღეს გადაწყვეტილება:

„არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება, ხოლო ახსნა-განმარტებისთვის უნდა გამოცხადდეს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მომავალ კომისიაზე“.


არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. მან დღეს თქვა, რომ ეკლესიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა – „ასეთ პოზიციაში რომ ჩადგნენ ეს ადამიანები, ასეთი მთავრობის დანამატი რომ გახდნენ“.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ არქიმანდრიტის კომისიაზე დაბარების შესახებ 12 ოქტომებრს ისაუბრა და 13 ოქტომბერს Facebook-ზე დაწერა:

„12 ოქტომბერს გასულ ინტერვიუში, არქიმანდრიტ დოროთეს გამონათქვამებთან დაკავშირებით მოსალოდნელ კომისიაზე ვისაუბრე. დღეს მისგან ვერ მივიღეთ დასტური, ხუთშაბათს დანიშნულ, კომისიაზე გამოცხადების შესახებ. ცნობისათვის, საპატიო მიზეზის გარეშე, ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა, არის დისციპლინარული გადაცდომა“.

„ნეტგაზეთთან“ არქიმანდრიტმა ხაზი გაუსვა, რომ მისი კომისიაზე დაბარების უფლება დეკანოზ მიქაელ ბოტკოველსა და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს არ აქვთ. მისივე თქმით, უცნობია რა გამონათქვამებზე აქვთ პრეტენზია.