საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართა. უნივერსიტეტი პროკურატურისგან მოითხოვს, რომ ქონებას, რომელიც, გურგენიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახმა მიიტაცა, ყადაღა დაადონ და შემდგომ კვლავ ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუბრუნდეს.
„მოგეხსენებათ რომ, წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების უდიდესი ნაწილი, ფაქტობრივად, მიტაცებული იქნა ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის მიერ… არის ეჭვი იმისა, რომ იყო სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომ, ჩვენმა უნივერსიტეტმა, პირადად მე, უნივერსიტეტის კანცლერმა და კოლეგიალურმა ორგანოებმა, აკადემიურმა საბჭომ, წარმომადგენლობითმა საბჭომ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, მიგვემართა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის… საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არც ერთი კაპიკი არ მიუღია, მან გადაიხადა თუ არა ბიუჯეტში, ეს უკვე გენერალური პორკურატურის მოკვლევის საგანია“, – ამბობს დავით გურგენიძე.
მისი თქმით, საუბარია „უდიდეს“ ტერიტორიაზე, რომელიც ისტორიულად საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტისაა, დაახლოებით 22 000 კვადრატული მეტრი.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დავით გურგენიძემ თქვა, რომ უნივერსიტეტის ეს ქონება რომ არ გასხვისდეს და მესამე პირზე არ გადაფორმდეს, საჭიროა დაყადაღება:
„ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ქონება იყოს დაყადაღებული და დაბრუნებული ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ასევე მოვითხოვთ, რომ ის მიუღებელი მოგება, რომელიც უნივერსიტეტმა მრავალი წლის განმავლობაში, არ მიიღო, იყოს გამოკვლეული და დაუბრუნდეს უნივერსიტეტს, ახალგაზრდებს და პროფესორ-მასწავლებლებს. ზიანი უნდა დადგინდეს, პროკურატურამ ამაზე უნდა ჩაატაროს ექსპერტიზა და ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რა ზიანზეა საუბარი. ეს ქონება რომ არ გასხვისდეს და მესამე პირზე არ გადაფორმდეს, ჩვენ სასწრაფოდ დაყადაღებას ვითხოვთ”, – თქვა მან „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
ამ თემაზე დღეს შეკითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს, მან თქვა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ერთ ლარად გადაეცა პრეზიდენტის ოჯახის წევრს და რომ ამ საკითხის შესწავლა „საინტერესო იქნება“:
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დანარჩენი დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.