„საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ უპასუხა „ტექნიკური უნივერსიტეტის“ რექტორის განცხადებას, რომლითაც მან დღეს პროკურატურას მიმართა. დავით გურგენიძის თქმით, მოითხოვენ, რომ ქონებას, რომელიც, მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახმა მიიტაცა, ყადაღა დაედოს და შემდეგ კვლავ „ტექნიკურ უნივერსიტეტს“ დაუბრუნდეს.
თოფურიას თქმით, სამართლებრივად ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს. მისი განმარტებით, შენობები, რომლებზეც გურგენიძე საუბრობს, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება იყო და ისინი „საქართველოს უნივერსიტეტმა“ აუქციონზე შეიძინა რამდენიმე მილიონად.
„სამართლებრივად ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რადგან, როგორც თქვენ გახსოვთ, ბატონი გურგენიძე ამბობდა, რომ სამართლებრივად ვერაფერს ვერ გავხდებითო, „საქართველოს უნივერსიტეტს“ ყველაფერი კანონიერად აქვს შეძენილი ეკონომიკის სამინისტროდანო. თვითონ გურგენიძე წულუკიანის კომისიაზე მოითხოვდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღოთ.
რაც შეეხება 1 ლარად შეძენას, ეს არის უტიფარი ტყუილი, რომელიც წლების განმავლობაში მეორდება. ჩვენ არაერთხელ სასამართლოში გავასაჩივრეთ ეს, თუმცა რეაგირება არ ჰქონიათ. ეს ქონებები, თვითონ გურგენიძეც აღიარებს და მისი პრორექტორი კოპალიანიც აღიარებს, რომ იყო რამდენიმე მილიონად შეძენილი თავის დროზე. როცა საუბრობენ, რომ „ტექნიკურ უნივერსიტეტს“ კაპიკი არ მიუღია, ეს ლოგიკურია, წულუკიანმაც განუმარტა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა ეს ქონებები და შესაბამისად, ფული შეუვიდა ეკონომიკის სამინისტროს. ეს ქონება იყო არა „ტექნიკური უნივერსიტეტის“ საკუთრება, არამედ ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება. ეს იყო დაუმთავრებელი მშენებლობები, აქ არასდროს „ტექნიკური უნივერსიტეტი“ არ ეწეოდა სასწავლო საქმიანობას, არც კვლევითს. ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს დაუმთავრებელი მშენებლობები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაყიდა და საქართველოს უნივერსიტეტმა რამდენიმე მილიონად შეიძინა“, – ამბობს თოფურია.