„ოცნების“ შს მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, 4 ოქტომბრის აქციის საქმესთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართაც დაიწყეს. შაიშმელაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსია. 2024 წელის 26 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მან ქვეყანა დატოვა.
„რაც შეეხება უცხოეთში მყოფ 2 პირს, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა, მათგან ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია. მას ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება“, – თქვა „ოცნების“ შს მინისტრმა, გეკა გელაძემ.
დღევანდელ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 16 ადამიანი დააკავეს – ჯამში დაკავებულია 62 პირი.
21 სექტემბერს ირაკლი შაიშმელაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ემიგრაციაში მყოფი ვეტერანების მიმართვა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებისადმი. მიმართვაში საუბარი იყო, რომ დადგა დრო „ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები“ და რომ მათ ეძლეოდათ შანსი, გამხდარყივნენ ამ ცვლილებების თანამონაწილე.
„ირწმუნეთ თქვენი სამშობლოს მომავლის, რომ თქვენ უნდა ააშენოთ ახალი ევროპული საქართველო, ახალი ევროპული ძალოვანი სისტემებით. ბოლოს და ბოლოს ირწმუნეთ საკუთარი თავის. გამოეცალეთ მაგ ბოროტ სისტემას და შეატოვეთ რუსული სახელი მათ, თქვენ კი წამოდით და თან წამოიღეთ თქვენი წილი ღირსება, რაც ამდენი წელი სიამაყით ატარეთ. უბრალოდ შეასრულეთ თქვენი ფიცი – ემსახურეთ საქართველოს!“ – ნათქვამი იყო მიმართვაში.