პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და ამასთანავე თვითმმართველობის ორგანოებშიც იწყებს მუშაობას – ამის შესახებ ბრიფინგზე გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
გიორგი შარაშიძის თქმით, ბოიკოტის ფორმამ „ოცნების“ ბოროტების მანქანა ვერ შეაჩერა და ვერ მოახდინა ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია“.
პარტიის პოზიციით, პარლამენტის ბოიკოტმა, რაც მთელი პოლიტიკური პროცესის ბოიკოტში გადაიზარდა, ოპოზიცია პოლიტიკური ასპარეზიდან გააქრო, რამაც „ოცნებას“ შესაძლებლობა მისცა, წინააღმდეგობის გარეშე ემოქმედა და დაემძიმებინა ავტორიტარიზმი.
„ჩვენ არავის ვადანაშაულებთ, გარდა საკუთარი თავისა! ერთი წლის წინ ვერ შევძელით საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დარწმუნება, რომ პარლამენტის მანდატების გაუქმება შეცდომა იყო, ამას კი მოჰყვა მოვლენათა ჯაჭვი, რამაც მიგვიყვანა დღევანდელ მძიმე მდგომარეობამდე! მაგრამ დღეს ჩვენ აღარ ვაპირებთ არც საკუთარი შეცდომების ტყვეობაში და არც ილუზიებში დარჩენასა და თავის მოტყუებას! 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო და პროვოკაციულმა პროცესებმა სიტუაცია უკიდურესად დაამძიმა, უკიდურესად დააზიანა ისედაც დასუსტებული ოპოზიციური სპექტრი და „ოცნებას“ მისცა საბაბი, საკუთარ მომხრეებში გაემართლებინა ავტორიტარიზმის დამძიმება. ვხედავთ გამოხატვის თავისუფლების ამკრძალავ ახალ ანტიდემოკრატიულ კანონებს, ათობით დაპატიმრებულ დემონსტრანტს, მათ შორის ჟურნალისტებს, რასაც ჩვენი მომავალი თაობისთვის ევროპული განათლების მიღების შემზღუდავი ეგრეთ წოდებული განათლების ახალი რეფორმის ანონსიც დაემატა. ვხედავთ ანტიევროპული პროპაგანდის კიდევ უფრო დამძიმებას, პირდაპირ თავდასხმებს პარტნიორი სახელმწიფოების ელჩებზე.
ის, რასაც „ოცნების“ რეჟიმი გერმანიის ელჩის და გერმანიის წინააღმდეგ სჩადის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების დაზიანებად შეიძლება შეფასდეს. უნდა ვაღიაროთ, რომ ოპოზიციის პოლიტიკური პროცესიდან გაქრობამ ხალხი რეჟიმის პირისპირ დაუცველი დატოვა – ყოველდღე ახალი პოლიტპატიმრები გვემატებიან. ამიტომ არის ჩვენი მთავარი მიზანი განსხვავებული აზრის გადარჩენისთვის ბრძოლა! ამ ქვეყანაში არსებობს სხვა სიმართლეც და ჩვენ ეს სიმართლე სააშკარაოზე უნდა გამოვიტანოთ! ამიტომ, ვიწყებთ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებას, რადგან საქართველოს წარმომადგენლობითი ორგანოები – მუნიციპალურ დონეზე საკრებულოები და ეროვნულ დონეზე პარლამენტი არ ეკუთვნის „ოცნებას“ და ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს!
სამწუხაროდ, დღეს, როცა ორი რადიკალური მხარისგან განსხვავებული აზრის მიუღებლობამ ზიზღისა და ურთიერთ დაპირისპირების საშიშ ზღვართან მიგვიყვანა და მთელი ქვეყანა სიძულვილის სპირალშია გახვეული, ყველაზე მეტად გვმართებს გონიერი, ზომიერი და თანმიმდევრული პოლიტიკის დაბრუნება ყველა დონეზე! პარლამენტისა და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების ხმა და განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს! დროა, ტყუილს სიმართლით, ზიზღისა და სიძულვილის ენას გონიერი, მშვიდი, ზომიერი და თანმიმდევრული ნაბიჯებით ვუპასუხოთ!” – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
საგაზაფხულო სესიის დახურვამდე „არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის“ საბაბით უფლებამოსილება გახარიას პარტიის 12 დეპუტატს შეუწყდა. მოგვიანებით „ოცნებამ“ 12 დეპუტატის ადგილმონაცვლეების მანდატები ცნო.
ესენი არიან:
- გელა აბულაძე
- ჯემალ ანანიძე
- ქეთევან ბაკარაძე
- რუსუდან თევზაძე
- მალხაზ თორია
- შალვა კერესელიძე
- სალომე კობალაძე
- გიგა ფარულავა
- ვიკა ფილფანი
- გიორგი შარაშიძე
- თამარ ხვედელიანი
- სოფო ხორგუანი
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გახარიას პარტია თბილისის საკრებულოში ვერ მოხვდა, ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ არჩევნებში 3,6% პროცენტი მოიპოვა და 4%-იანი ბარიერი გადალახა.