თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეების პროცესები გაიმართა.
3 მათგანს მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა, 5 აქტივისტს კი პატიმრობა შეეფარდა.
- გიორგი თავართქილაძე – სიტყვიერი შენიშვნით განთავისუფლდა
- აზა ჩილაჩავა – სიტყვიერი შენიშვნით განთავისუფლდა
- ირაკლი წულაია – 8 დღე
- გიორგი ვაჩაძე – სიტყვიერი შენიშვნით განთავისუფლდა
- აკაკი ველითაური – 8 დღე
- გიორგი წულაია – 8 დღე
- ლიზა უბილავა – 6 დღე
- არჩილ გიორგობიანი – 5 დღე
შსს-ს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის კიდევ 12 პირი დააკავეს. ამ 12 პირს შორის არიან ის დემონსტრანტები, რომელთა შესახებ გადაყწყვეტილება სასამართლომ დღეს მიიღო.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 16 ოქტომბერს საბოლოოდ მიიღო სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლითაც დემონსტრანტებს პროტესტის გამოხატვის ფორმები ეზღუდებათ.
ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება შემდეგი ქმედებისთვის:
- სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;
- ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონის შემთხვევაში;
- თუ განზრახ შექმნის დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის;
- მოაწყობს დროებით კონსტრუქციას, თუ მისი მოწყობა ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას და ა.შ.
- ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.
აღნიშნული მუხლის დარღვევა გამოიწვევს:
- ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
- თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით;
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს, ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება:
- სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
- იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის − დაისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
- არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი – დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
- ორგანიზატორის მიერ ჩადენილი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია – დაისჯება ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.