„ძლიერი საქართველო - ლელო“ პარტიების აკრძალვის კანონებზე საკონსტიტუციოს მიმართავს

პუბლიკა

„ძლიერი საქართველო – ლელო“ პარტიების ასაკრძალად მიღებულ კანონებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, შემდეგ კი სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც წარადგენენ – ამის შესახებ ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რადგან მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ქმედება, პირველ რიგში ლახავს, ევროკონვენციით განსაზღვრულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

განსაკუთრებით აბსურდული და ანტიდემოკრატიულია კანონი, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის, პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლს და საერთაშორისო ნორმებს.

გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებები კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ აფართოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და გამორიცხავს მიმდინარე კანონმდებლობით მის გაფართოებას. საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება აუკრძალოს მოქალაქეს პოლიტიკური საქმიანობა!

ზემოთ აღნიშნული რეპრესიული ცვლილებების მიღება საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან დემოკრატიულ რღვევას იწვევს, რაც დიქტატურული რეჟიმის გამყარებაა“, – განაცხადა კუპრაძემ.


მიღებული კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარმდგენის მოთხოვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირს აუკრძალოს:

  • პარტიის შექმნა;
  •  პოლიტიკური პარტიის წევრობა;
  • პარტიის ორგანოს წევრობა;
  •  პარტიული თანამდებობის დაკავება;
  •  არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა [პასიური საარჩევნო უფლება];
  •  არჩეული ორგანოს წევრის/არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეძენა;
  •  პოლიტიკური თანამდებობის დაკავება;
  •  კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელობა;

თუ მოსარჩელე მოითხოვს, საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილება ასევე გამოიწვევს:

  • აკრძალული პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობას;
  • სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას;
  • პარტიული სიიდან პირის ამორიცხვას.

რეგისტრაციაზე უარი ეთქმება ისეთ პარტიას, რომლის სიაშიც იქნება ისეთი პირი, რომელსაც პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აკრძალული აქვს.

პარტიას, რომელიც სიაში შეიყვანს ასეთ პირს, ჯარიმა დაეკისრება.

დაუშვებელი იქნება საპარლამენტო სიებსა თუ თვითმმართველობის არჩევნებისთვის სიებში ისეთი პირის შეყვანა, რომელსაც პოლიტიკური საქმიანობა აკრძალული აქვს. ცესკო ასეთ პარტიებს არც საპარლამენტო და არც თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრაციაში არ გაატარებს. ანალოგიური აკრძალვა იმოქმედებს მერობის კანდიდატების შემთხვევაშიც.

ვინ არის „პარტიასთან დაკავშირებული პირი“

კანონპროექტის წარმდგენმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ასეთ პირებს შორის „ოცნებამ“ შეიძლება დაასახელოს არა მხოლოდ კონკრეტული პარტიების წევრები, არამედ ის პირებიც, რომელთა საქმიანობაც, გორდულაძის თქმით, თანხვედრაშია პარტიის მიზნებთან.

საკონსტიტუციო სასამართლო თითოეული პირისთვის საქმიანობის აკრძალვაზე ინდივიდუალურად იმსჯელებს. იმოქმედებს შეჯიბრებითობის პრინციპი – ამ პირებს სასამართლოში საკუთარი პოზიციის წარდგენა შეეძლებათ.


ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს. საჯარო განცხადებებით ცნობილია, რომ სარჩელს საფუძვლად უნდა დაედოს თეა წულუკიანის კომისიის დასკვნაც. „ოცნების“ წევრების თქმით, სარჩელის ტექსტი თითქმის დასრულებულია და მასში დასაბუთებულად აისახება ის „დანაშაულები“, რომლებსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ქვეყნის წინაშე სჩადის. ამ კონტექსტში ახსენებენ 4 ოქტომბრის მოვლენებსაც.

სარჩელის წარდგენის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო კონკრეტული პარტიების კონსტიტუციურობასა და პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაზე იმსჯელებს.

რა საფუძვლით შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვა

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია:

  • საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა,
  • ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა,
  • ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა,
  • ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას,
  • აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს,
  • ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებით პარტიის შექმნა და საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციითაა დაუშვებელი (მუხლი 23).

13 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე შეუძლია, აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური შემადგენლობა ან/და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა) არსებითად იმეორებს სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას).