არქიმანდრიტ დოროთეს საეპარქიო კომისიის კრებაზე იბარებენ - ის ითხოვს სხდომა საჯარო იყოს

პუბლიკა

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საეპარქიო კომისიის კრებაზეა დაბარებული, რომელიც 29 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამის შესახებ სასულიო პირმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა, რომ სხდომაზე მივა.

„ახლანდელ დაბარებაზე ნაწილობრივ გაითვალისწინეს ჩემი მოთხოვნა და გამომიგზავნეს ჩემი სატელევიზიო გამოსვლებიდან ამოკრებილი ციტატების ნაწილი, მეორე ნაწილი კი რისგან შედგება, არ ვიცი (ამიტომაც მეორე ნაწილს პასუხს ვერ გავცემ ვერც წერილობით, ვერც კომისიაზე). მე ვუპასუხე დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს, რომ მე მჭირდება იმის განმარტება, თუ რას იწუნებენ და რა არის ჩემი შეცდომა, მაგრამ პასუხი ისევ არ არის“, – წერს სასულიერო პირი.

დოროთე ყურაშვილი ამბობს, რომ ციტატები, რომლებიც საპატრიარქოს არ მოეწონა კრიტიკული ტელევიზიების ეთერში აქვს გაკეთებული და რომ ჟურნალისტებსაც უნდა ჰქონდეთ პასუხის გაცემის უფლება. ასევე, მისი განცხადებით, კომისიაზე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც უნდა იყოს დაბარებული:

„ჩემი ყველა სატელევიზიო ციტატა, რომლებიც არ მოსწონს ეკლესიის მმართველ ადმინისტრაციულ ძალას, არის ტელეკომპანიების „ფორმულას“ და „TV პირველის“ გადაცემებიდან, ამიტომ, როგორც მე, ისე ის ჟურნალისტები, რომლებთანაც მე გამოვდიოდი, დადანაშაულებულნი ვართ, როგორც ჩანს, ეკლესიის მტრობაში. ეს ტელეწამყვანები, რომელთა გადაცემებში ვიყავი მიწვეული, არიან: ტელეკომპანია „ფორმულადან“ გიორგი თარგამაძე, ვახტანგ სანაია, გურამ როგავა, ნინო ჟიჟილაშვილი, სოფო ზურაბიანი, „TV პირველიდან“ ინგა გრიგოლია, ვიკა ბუკია, თეა ადეიშვილი, ანი წერეთელი.

ვფიქრობ, რომ ჩემთან ერთად ირიბად ამ ჟურნალისტებსაც ბრალს სდებენ ეკლესიის შეურაცხყოფაში, და ვფიქრობ, ამ ჟურნალისტებსაც უნდა მიეცეთ პასუხის გაცემის უფლება საეპარქიო კომისიაზე, რადგან დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძისგან პირდაპირი თავდასხმის ობიექტები არიან.დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ შეიძლება იყოს ამ კომისიის წევრი, რადგან ის ტელეკომპანია „იმედის” ეთერში ამბობს: „მინდა მოვუწოდო მამა დოროთეს, ტვ პირველს, ფორმულას, ნუ ძალადობთ. თუ ვინმეს უნდა პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა, ძალიან ცუდი, მაგრამ, თუ მაინც გინდათ, უჩვენოდ გააკეთეთ”.

ამ კომისიაზე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე უნდა იყოს დაბარებული, როგორც ბრალმდებელი, და მან უნდა დაამტკიცოს, სად და როდის ვიძალადეთ მე და ტელევიზიებმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უნდა დაისაჯოს იმ სასჯელით, რაც ეკუთვნის ათი მცნებიდან ერთ-ერთის დამრღვევს – ცილისმწამებელს. ამიტომაც კომისია ვალდებულია, რომ ეს ტელეკომპანიები დაუშვან კომისიაზე და მისცენ პასუხის გაცემის უფლება“.

არქიმანდრიტი წერს, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და მასთან დაკავშირებული სასულიერო პირები მთავრობასთან ერთად და მთავრობის მსგავსად დადიან ერთსა და იმავე ტელეკომპანიებში და ბლოკავენ იმავე ტელეკომპანიებს, რომლებსაც მთავრობა ბლოკავს.

„ვინაიდან და რადგანაც ჩემთვის გამოგზავნილი ყველა ციტატა არის სატელევიზიო, საჯარო, გამოსვლებიდან, საეპარქიო კრებაც უნდა იყოს საჯარო და ღია, რომელზეც დაშვებული უნდა იყვნენ ზემოთ ხსენებული ტელეკომპანიები და ჟურნალისტები. საეპარქიო კომისიაზე დაბარებული ვარ ამა წლის 29 ოქტომბერს, ოთხშაბათს, დღის 2 საათზე. მე აუცილებლად გამოვცხადდები და ვთხოვ ზემოთ ხსენებულ ტელეკომპანიებსა და ჟურნალისტებს, შეძლებისდაგვარად მობრძანდნენ, რათა საპატრიარქოს კარი გაიხსნას ერისთვის“, – აცხადებს სასულიერო პირი.