82 მომხრე, 0 წინააღმდეგი – „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც ქონებრივი დეკლარაციების 30 წლის განმავლობაში შევსების ვალდებულებას შეეხება.
კონკრეტულად, საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულებს ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება 30 წლის განმავლობაში ექნებათ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი სამოხელეო ან ფინანსურ დანაშაულებში დამნაშავედ იქნებიან ცნობილნი.
რომელ დანაშაულებს შეეხება ცვლილება
ესაა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლები:
- 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები – თაღლითობა ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან დიდი ოდენობით;
- 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი – გამოძალვა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით;
- 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები – მითვისება ან გაფლანგვა ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან დიდი ოდენობით;
- 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები – წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება ჩადენილი: დიდი ოდენობით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
- 194-ე მუხლი – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ფულის გათეთრება;
- 194 პრიმა მუხლი – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება);
- 195 პრიმა მუხლი (სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა;
- 205 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი – ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
- 214-ე მუხლის მე-2 ნაწილი და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა ჩადენილი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან მოხელის/მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
- 218-ე მუხლი – გადასახადისათვის თავის არიდება;
- 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი – თუ ეს დაკავშირებულია ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის მითვისებასთან, გაფლანგვასთან ან თაღლითობით დაუფლებასთან, იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
- 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი – თუ ეს დაკავშირებულია ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის მითვისებასთან, გაფლანგვასთან ან თაღლითობით დაუფლებასთან, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
- 286 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები – კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ჩადენილი: ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან რამაც დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი გამოიწვია;
- 332-ე მუხლი – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება;
- 333-ე მუხლი – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება;
- 334-ე მუხლი – ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უკანონო გათავისუფლება;
- 335-ე მუხლი – განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება;
- 337-ე მუხლი – სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა;
- 338-ე მუხლი – ქრთამის აღება;
- 339-ე მუხლი – ქრთამის მიცემა;
- 339 პრიმა მუხლი – ზეგავლენით ვაჭრობა;
- 340-ე მუხლი – კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება;
- 341-ე მუხლი – სამსახურებრივი სიყალბე
- 342-ე მუხლი – სამსახურებრივი გულგრილობა;
- 342 პრიმა მუხლი – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევა.
„ქართული ოცნების“ არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანია დაკავებული დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისა თუ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მათ შორის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, ასევე ბრალდებულია ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ა.შ.
თუ სასამართლო მათ დამნაშავედ მიიჩნევს, შესაძლოა, „ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებული ცვლილება მათზეც გავრცელდეს.