ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბრიტანეთის მოქალაქეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის დარბაზიდან გათავისუფლდა

პუბლიკა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, ორსული ბელა მეი ქალი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. როგორც პროკურორმა სხდომის შემდეგ მედიასთან თქვა, ბრალდების მხარემ გაითვალისწინა დაკავებულის ასაკი, მისი მდგომარეობა და ის, რომ მან აღიარა დანაშაული.

„მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ადვოკატთან შეთანხმებით, მათ განცხადებით მომართეს პროკურატურას, მოითხოვეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება. ჩვენ მიერ განხილული იქნა აღნიშნული საკითხი, გათვალისწინებული იქნა ბრალდებულის აღიარება, მისი ასაკი, მისი მდგომარეობა, საბოლოოდ მხარეები შეჯერდნენ. დღეს დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, ბრალდებულს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 თვისა და 24 დღის ვადით, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 500 000 ლარის ოდენობით“, – თქვა პროკურორმა.

მისივე განცხადებით, ბრალდებულმა დაასახელა თავისი კონტაქტები, რასთან დაკავშირებითაც საქმიდან გამოყოფილია სხვა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

დაკავებულის ოჯახმა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა რამდენიმე დღის წინ გადაიხადა.


ბრიტანეთის მოქალაქე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 მაისს დააკავა. უწყება აცხადებდა, რომ ბარგის შემოწმებისას ამოიღეს 12 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და 2.068 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობდა. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, დაკავებული და მისი ადვოკატი აცხადებდნენ, რომ ქალს კრიმინალურმა დაჯგუფებამ აიძულა, ნარკოტიკებით დატვირთული ჩემოდანი ტაილანდიდან საქართველოში ჩამოეტანა.

„ამის ჩადენა არ მსურდა, ძალადობისა და წამების ქვეშ მაიძულეს ამის გაკეთება, მე მხოლოდ მოგზაურობას ვაპირებდი, მოსიყვარულე ადამიანი ვარ, ვსწავლობ უნივერსიტეტში, სტუდენტი ვარ, დავეუფლე მედდის პროფესიას. მხოლოდ მოგზაურობას ვგეგმავდი და ცუდი რაღაცები გადამხდა თავს“, – „რადიო თავისუფლების“ ცნობით, განაცხადა 19 წლის გოგომ ერთ-ერთ პროცესზე.