სტაციონარულ ზედამხედველობას არ საჭიროებს - პენიტენციური ზინოვკინას შესახებ

პუბლიკა

ანასტასია ზინოვკინასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, ზინოვკინა უზრუნველყოფილია ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაციონარულ ზედამხედველობას არ საჭიროებს.

„მსჯავრდებული ანასტასია ზინოვკინა განთავსებულია №5 პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი საცხოვრებელი პირობები სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და იგი უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით.

სასჯელის მოხდის პერიოდში მას ჩაუტარდა სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია და რეკომენდებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური, კვლევები როგორც დაწესებულებაში, ისე სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში. ამასთან, მსჯავრდებული ანასტასია ზინოვკინა კონსულტირებულია რეაბილიტოლოგის მიერ და ჩატარებული აქვს სამკურნალო-სარეაბილიტაციო ვარჯიშები.

დამატებით განვმარტავთ, რომ 2025 წლის 29 ოქტომბერს ჩატარებული ნევროლოგის კონსულტაციის შედეგად მწვავე ნევროლოგიური სიმპტომატიკა არ გამოვლინდა. დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაციონარულ ზედამხედველობას არ საჭიროებს“, – აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

ასევე, უწყების ცნობით, ზინოვკინას ქმარმა, არტემ გრიბულმა 31 ოქტომბერს გამოაცხადა შიმშილობა, თუმცა 2 ნოემბერს განაახლა საკვების მიღება, ამიტომ ინფორმაცია მისი შიმშილობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს.

ანასტასია ზინოვკინას ნაცნობმა, ალიონა ზაიცევამ 30 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია მასთან სატელეფონო საუბრის შესახებ. პატიმარი ამბობს, რომ ზინოვკინას აწუხებს ზურგი, იმდენად, რომ 29 ოქტომბერს ტკივილის გამო ვერ შეძლო ადგომა, ითხოვდა დახმარებას 8 საათის განმავლობაში, 21:00 საათზე მასთან მედდა მივიდა, „პამპერსი ესროლა და გავიდა“.

ადვოკატების განცხადებით, ანასტასიას ხერხემლის პრობლემები აქვს. ქალმა პოლიტიკოსებმა მიმართეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რომ ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის სრულყოფილი გამოკვლევა ჩაუტარდეს მრავალპროფილურ კლინიკაში და გაეწიოს შესაბამისი მკურნალობა კვალიფიციური სპეციალისტების მიერ.