გურამ ქუხილავა: 75 წლის კაცს ისეთი შეურაცხყოფა მომაყენეს... დამათვალიერეს, გამაშიშვლეს. პოლიცია პოლიციას არ ჰგავდა

პუბლიკა

პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, 75 წლის გურამ ქუხილავა, რომელიც გუშინ, 3 ნოემბერს დააკავეს, უკვე თავისუფალია.

როგორც ქუხილავამ „პუბლიკას“ უთხრა, ის რუსთაველის მეტროსთან შეაჩერეს, დათვალიერების შედეგად ჯიბეში პირბადე აღმოუჩინეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი თქმით, განყოფილებაში გააშიშვლეს და შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ოქმზე ხელი მოაწერინეს და გამოუშვეს. გურამ ქუხილავასთვის უცნობია, დაიწყო თუ არა შსს-მ მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

„რუსთაველის მეტროსთან დამაკავეს. დაკავება არ იყო ეს. ვერავინ, ვერც ახალგაზრდამ და ვერც ძველგაზრდამ კადრი ვერ გადაიღო. წამართვეს ტელეფონი და ვერაფერი მოვასწარი.

75 წლის კაცს ისეთი შეურაცხყოფა მომაყენეს… ამ საღამოს გამოვალ რუსთაველზე და დავწერ ბანერზე. ისე ცუდად გავხდი წუხელ, რას მელაპარაკებოდნენ და რას მიშვებოდნენ… ყველაფერს დეტალებში ვერ მოვყვები, ისედაც სირცხვილია ჩემი მხრიდან, მაგაზე მე რომ ვილაპარაკო.

წამიკითხეს იქ რაღაცა, დამათვალიერეს, გამხადეს, როგორ აგიხსნათ, გამაშიშვლეს. პოლიცია პოლიციას არ ჰგავდა, შეურაცხყოფა, ყველაფერი, რაც შეიძლება, იყოს… მოვაწერე ხელი და გამომიშვეს.

დათვალიერების საფუძველზე ნიღაბი აღმომიჩინეს. ძველისძველი შავი ნიღაბი მედო ჯიბეში. ჩემდა საუბედუროდ, მაინცდამაინც ის შარვალი ჩამიცვამს, რომლის ჯიბეშიც ის მედო. კი ვიყავი წუხელ აქციაზე, მაგრამ გზაზე არ გადავსულვარ.

რაც მე ვილაპარაკე, მაგაზე ადვოკატი არ მჭირდება. ადვოკატი მაშინ გჭირდება, როცა არ ხარ მართალი და უფლებები უნდა დაიცვა.

მე წუხელ ცუდად გავხდი, მაგრამ ჩემი თავი მოვთოკე, არიქა, გურამ, რამენაირად აქ არ მოგივიდეს ის, რაც მომივიდა 94-ში ზუგდიდში… თუ გაინტერესებთ ჩემი ისტორია, ყველაფერს დეტალურად მოგიყვებით, ახლა ტელეფონით იმ შეურაცხყოფაზე ვერაფერს მოგიყვებით.

ამ საღამოს, თუ ვიქნები ცოცხალი, უსიკვდილოდ რუსთაველზე ვიქნები“, – უთხრა გურამ ქუხილავამ „პუბლიკას“.