პროკურატურის განცხადებით, არასრულწლოვანის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. უწყება ამბობს, რომ ბრალდებული 3 ნოემბერს დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებული 73 წლის კაცია.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.