დაჭრილია სპეცრაზმელი, ლიკვიდირებულია მირზა ალიევი - შსს-მ 34 პირი დააკავა

პუბლიკა

„ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული სპეცოპერაციის დროს ლაგოდეხში, სოფელ კაბალში, ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, მირზა ალიევმა სპეცრაზმის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. დარახველიძის თქმით, ერთი სპეცრაზმელი მძიმედ დაიჭრა. საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.

შსს-ს ინფორმაციით, ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე 34 პირი დააკავეს. 12 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ე.წ. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, 7 პირს კი – მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირს და საზღვარგარეთ მყოფ 4 პირს და ერთ „კანონიერ ქურდს“ – ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ღონისძიების მიმდინარეობის დროს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, 1973 წელს დაბადებულმა მირზა ალიევმა, რომელზეც გაცემული იყო მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით. შედეგად გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული“, – აცხადებს უწყება.

გამოძიების ვერსიით, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები და მხარდამჭერები მოქალაქეების ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ და მათ დავალებებს ასრულებდნენ. მათივე ცნობით, ეწყობოდა ქურდული გარჩევები, სადაც თანხებს ითხოვდნენ და პირობების დამრღვევებს მოკვლით ემუქრებოდნენ.

„აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვა პირებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული და გამოკვეთილი როლი ჰქონდა, კრიმინალურ ავტორიტეტს ელმურაზ მამედოვს“, – აცხადებს უწყება.

შსს-ს ცნობით, ამ სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე.

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის სექტემბრის თვეში, დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით, დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება“, – აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე კვარტა მუხლის პირველი, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 და 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ასევე, 109-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს.