საქართველოს პრკურატურამ ბრალდება წარუდგინა დავით მიქაძესა და მისი დაცვის სამსახურის წევრს, დავით ჩუბინიძეს.
უწყების ცნობით, მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და გასაღება.
„2021 წლის დასაწყისში, დავით მიქაძემ და დავით ჩუბინიძემ იცოდნენ რა, რომ დაზარალებული ვახტანგ კობიაშვილი საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლ იარაღებს ინახავდა, მათი მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განიზრახეს, რა მიზნითაც დავით ჩუბინიძემ დავით მიქაძესთან შეთანხმებით აიძულა ვახტანგ კობიაშვილი, მისთვის იმ სახლის გასაღები გადაეცა, სადაც იარაღებს ინახავდა, შემდეგ კი მიემართა პოლიციისთვის და განეცხადებინა, იარაღების თითქოსდა დაუდგენელი პირის მიერ ქურდობის ფაქტის შესახებ. შედეგად დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის კუთვნილ ცეცხლსასროლ იარაღებს, კერძოდ: GLOCK – 42-ის; SIG-SAUER – P-320 COMPACT MEDIUM-ის; DANIEL DEFENSE – DDM4 PDW-ის; NAA – 22 LLR-ის და BARNOW – CORECCO მოდელის ცეცხლსასროლ იარაღებს.
ამასთან, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე იარაღების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების შემდეგ შეხვდნენ დაზარალებულ ვახტანგ კობიაშვილს, დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსით და კიდევ ერთხელ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ მათი მხრიდან იარაღების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს პოლიციას შეატყობინებდა.
დავით მიქაძემ და დავით ჩუბინიძემ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ცეცხლსასროლი იარაღებიდან ერთ-ერთი, GLOCK – 42 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, დავით ღოღელიანზე გაასაღეს, რომელიც ამოღებულია მისივე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
დავით ღოღელიანი სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული“, – აცხადებს უწყება.
დავით ჩუბინიძე 4 ნოემბერს დააკავეს, ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ძებნილ დავით მიქაძეს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულ დავით ჩუბინიძისათვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.