ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძე დააჯარიმა

პუბლიკა

ანტიკორუფციულმა ბიურომ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე დააჯარიმა. უწყებაში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ შეამოწმეს ხაზარაძის 2025 წლის 27 იანვარს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახული მონაცემების სისრულე და სისწორე.

ბიურო აცხადებს, რომ ხაზარაძის დეკლარაციაში სრულყოფილი მონაცემები არაა ასახული, მათ შორის არაა მონაცემები მის მეუღლესა და გერმანიის საელჩოს შორის გაფორმებულ უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულებაზე:

„მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მრავლობითი დარღვევები, კერძოდ, მამუკა ხაზარაძის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არ არის ასახული სრულყოფილი მონაცემები, მათ შორის მის მეუღლესა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შორის გაფორმებული უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძემ მონიტორინგის ფარგლებში ითხოვა დოკუმენტაციის წარმოდგენისათვის დამატებითი დრო, რაც ბიუროს მხრიდან იქნა გაზიარებული, თუმცა მიუხედავად დამატებით მიცემული ვადებისა, მისი მხრიდან არ მოხდა ყველა საჭირო დოკუმენტაციის ბიუროსთვის წარმოდგენა, მათ შორის მამუკა ხაზარაძის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი მის სახელზე უცხოურ ბანკებში არსებული ანგარიშების ამონაწერები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მამუკა ხაზარაძე, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პრიმა პუნქტის საფუძველზე დაჯარიმდა“, – აცხადებს ანტიკორუფციული ბიურო.

განახლება

მამუკა ხაზარაძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი  გააკეთა ბათუმში, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალის გაცნობის შემდეგ.

„არასდროს ჩემს ცხოვრებაში არაფერი არ დამიმალავს. მოხდა ტექნიკური… ჩემს მეუღლეზე გაფორმებული ქონების გადასახადი, ჩვენ თვითონვე აღმოვაჩინეთ ეს, მივმართეთ და იმის მაგივრად რომ ეს აღმოჩენა ჩვენთან გადაემოწმებინათ, გავარდნენ და ტელევიზიაში დაიწყეს კამპანია პარლამენტის თავმჯდომარიდან დაწყებული, ე.წ. პრემიერ-მინისტრი იდგა და საგადასახადო გაუგებრობაზე კომენტარს აკეთებდა ერთი თვის განმავლობაში. ეს ყველაფერი დამთავრდა, თანხა გადახდილია, ჯარიმის ოდენობაც ჩვენ განვსაზღვრეთ და წინასწარ ჩავრიცხეთ. ქონებრივი დეკლარაციის შევსებაზე 2000 ლარით დამაჯარიმეს.

ესაა კიდევ ერთი მცდელობა, რომ მილიონებს რომ იპარავენ ივანიშვილის მინისტრები, სახლში რომ უდევთ და კლანებს შორის გადანაწილება მიდის ქონების, უნდათ, 2000-ლარიანი ჯარიმით გადაფარონ. არ გამოუვათ.

…რატომ არაა სწორი, ჩემმა მეუღლემ გააქირავა ქონება სააგენტოს მეშვეობით“, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.