რა უძღოდა წინ ეროვნული ბანკის საბჭოში ნანა ყეინიშვილის არჩევას

პუბლიკა

2023 წლის 21 სექტემბერს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ორი წვერი აირჩია – ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი. კანდიდატები პარლამენტს მაშინდელმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა.

პარლამენტის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა, პრეზიდენტის პროტესტი, მანამდე უარყოფილი კანდიდატები და კრიზისი ეროვნულ ბანკში.

9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრებმა იმაზე მიუთითეს, რომ ნანა ყეინიშვილი სების საბჭოს წევრობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა. სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკური არჩევანი იყო.

რა ხდებოდა 2023 წელს – ნანა ყეინიშვილის კანდიდატურის წარდგენამდე?

თებერვალი

2023 წლის 9 თებერვალს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე 1 თვით ადრე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ დაჩქარებული წესით მიიღო ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებები.

ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში შეიქმნა პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. „ქართული ოცნების“ არგუმენტით, ამგვარმა საკანონმდებლო მოწესრიგებამ მოხსნა ბუნდოვანება, ვინ შეასრულებდა ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ახლის არჩევამდე.

2023 წლის 23 თებერვალს პარლამენტის მიღებულ კანონს ვეტო დაადო მაშინდელმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

მისი პოზიციით, ცვლილებები არ იყო არგუმენტირებული. სალომე ზურაბიშვილი სვამდა შეკითხვას, რატომ იყო საჭირო კიდევ ახალი თანამდებობის შემოღება, როცა ბანკში ისედაც არსებობდა 3 ვიცე-პრეზიდენტი, რომელთაგან რომელიმეს თავისუფლად შეეძლო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება.

ასევე, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ეჭვი, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურებს პარლამენტის მხარდაჭერა არ ექნებოდა, კანონი შექმნიდა შესაძლებლობას, რომ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა.

მარტი

2023 წლის 2 მარტს ეროვნული ბანკის მაშინდელ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და თანამდებობა ვაკანტური გახდა.

ასევე ვაკანტური იყო ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის პოზიცია.

კანონით, ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრისგან შედგება.

ივნისი

2023 წლის 7 ივნისს „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილი მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის საქმიანობას.

„ოცნების“ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეთანხმდნენ, თუ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევდა, ზურაბიშვილი საბჭოს წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარმოადგენდა. საბჭოს სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ კი სების პრეზიდენტის არჩევა გახდებოდა შესაძლებელი. „ოცნების“ განცხადებით, პარლამენტმა ვეტო მართლაც არ დაძლია, თუმცა პრეზიდენტმა პირობა დაარღვია და განაცხადა, რომ წლის ბოლომდე პარლამენტს არც ერთ კანდიდატურას არ წარუდგენდა.

2023 წლის 12 ივნისს „ქართული ოცნების“ მაშინდელმა აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება 13 ივნისს შეასრულა. 20 ივნისს კანონს შალვა პაპუაშვილმა მოაწერა ხელი.

16 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.

28 ივნისს პარლამენტმა ამ ორ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა.

უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ კანდიდატების კომპეტენციასთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვთ, მაგრამ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კონსულტაციები არ გამართულა და კანდიდატებზე წინასწარ არ შეთანხმებულან.

ეროვნული ბანკის კანონში ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, 22 ივნისს, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, შესაბამისად, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა გახდა.

სექტემბერი

2023 წლის 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა.

17 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ფარცხალაძეს, საქართველოში მოქმედ ბანკებში „აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება” შეეზღუდა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის ასეთი გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და უდანაშაულობის პრეზუმფციას.

კობახიძის ამ განცხადებიდან მეორე დღეს, 19 სექტემბერს სების პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გამოსცა ბრძანება და ფარცხალაძისთვის შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება შეცვალა.

თურნავას ამ გადაწყვეტილების შემდეგ ეროვნული ბანკი სამივე ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა დატოვეს. ეროვნული ბანკის საბჭოში ოთხი წევრი დარჩა: ნათია თურნავა, ეკა გალდავა, ეკა მიქაბაძე და რიჩარდ სინგლეტარი.

კანონის მიხედვით, თუ საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ორგანო ფუნქციებს ვერ შეასრულებს. შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭო უფუნქციო გახდა.

ეროვნულ ბანკში კრიზისის დაწყებამდე სალომე ზურაბიშვილს პარლამენტისთვის უკვე ჰყავდა წარდგენილი ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები.

21 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ეროვნულ ბანკში კრიზისი გამწვავდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი უარს აცხადებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენაზე, სანამ არ გაირკვევა ეროვნული ბანკის გარშემო სიტუაცია.

კომიტეტებმა კანდიდატებზე უარყოფითი დასკვნა მოამზადეს. ამის მიუხედავად, იმავე დღეს ნანა ყეინიშვილსა და თეიმურაზ ხომერიკს პარლამენტმა მხარი დაუჭირა და სების საბჭოში აირჩია.

ამ გადაწყვეტილებით, სების საბჭო 6 წევრით დაკომპლექტდა და ფუნქციები აღიდგინა.

„ეს გამოწვევა სამართლებრივად გადავლახეთ, იმიტომ რომ პრეზიდენტს ჰყავდა წარდგენილი 2 კანდიდატობის საბჭოს წევრი პარლამენტში და მათი დამტკიცება მოხდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ 23 სექტემბერს.

რას პასუხობს სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“

„ეს სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია და როგორ იყო კანდიდატურები წარმოდგენილი, ეს მისი პასუხისმგებლობაა, თუმცა ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტიც დეტალურად გაეცნოს, ამ შემთხვევაში, დეტალურად გარკვეულიყო რაც ეხება წევრების არჩევას. დანარჩენზე თვითონ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გიპასუხოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ნანა ყეინიშვილის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებას მის წინააღმდეგ მორიგ შეტევად აფასებს.

„ნანა ყეინიშვილის არჩევაზე პასუხისმგებლობის ჩემთვის დაკისრების მცდელობა პოლიტიკური ამნეზიის, უპრინციპობისა და საკუთარი უსუსურობის გადაფარვის მორიგი ფარსია. როდესაც მმართველ გუნდს საკუთარი პოლიტიკური გათვლები ჩაეფუშება, ის, ჩვეულ სტილში, ისტორიის გადაწერასა და საკუთარი შეცდომების სხვებისთვის გადაბრალებას ცდილობს“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

მის მიერ განხილული ქრონოლოგიის მიხედვით:

  • 2019–2023 წლებში პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ოთხი დამოუკიდებელი, საერთაშორისოდ აღიარებული და მაღალკვალიფიციური კანდიდატი წარუდგინა: გიორგი ხიშტოვანი, გიორგი მიროტაძე, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე.

„ქართულმა ოცნებამ“ ოთხივე კანდიდატურა აბსურდული მიზეზებით ჩააგდო და მათი კომპეტენცია ეჭვქვეშ დააყენა. ამის რეალური მიზეზი ერთი იყო: მმართველ გუნდს სურდა, კანდიდატურები წინასწარ მასთან შემეთანხმებინა. მოგვიანებით კი სურდათ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად მოქმედი ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, წარმედგინა, რათა ეროვნულ ბანკზე სრული პარტიული კონტროლი დაემყარებინა. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დასაცავად ამ მოთხოვნაზე ჩემი პრინციპული უარი მიიღეს“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

  • 2023 წლის სექტემბერში, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესი შეცვალა. „ამ გადაწყვეტილებამ უმძიმესი ინსტიტუციური კრიზისი გამოიწვია. პროტესტის ნიშნად ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი გადადგა, ხოლო ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ფუნქციური პარალიზების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.“

„ერთის მხრივ, „ოცნების“ პოლიტიკური დევნისა და რეპუტაციული შეტევების გამო, მაღალი დონის დამოუკიდებელ პროფესიონალებს აღარ სურდათ საკუთარი კანდიდატურების წარდგენა; მეორეს მხრივ, საბჭოს ვაკანტურად დატოვების შემთხვევაში, მმართველი გუნდი პრეზიდენტს დააბრალებდა ინსტიტუტის პარალიზებას.

სწორედ ამიტომ, მანამდე წარდგენილი ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები, რომელიც მათი გუნდის სრული ლუსტრაციისთვის იყო წარდგენილი, გამოიყენეს კრიზისის დროს და შეავსეს საბჭო: იმ „ოცნებამ“, რომელიც წლების განმავლობაში იწუნებდა წამყვან ფინანსისტებსა და ეკონომისტებს „არაკომპეტენტურობის“ საბაბით, ეს ორი კანდიდატი 84 ხმით, ყოველგვარი კითხვების, დებატების, კომპეტენციისა თუ წარსულის გადასინჯვის გარეშე, მყისიერად დაამტკიცა.

აქ ჩნდება მარტივი კითხვა: რატომ არ გაუჩნდა „ქართულ ოცნებას“ არცერთი შეკითხვა მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში წამყვან ფინანსისტებსა და ეკონომისტებს იწუნებდა და მათ კანდიდატურებს უარყოფდა?

პასუხი აშკარაა: მმართველ გუნდს ჰქონდა პოლიტიკური ილუზია და გათვლა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში საკუთარ, მორჩილ „მოთამაშეს“ ნიშნავდა“, – წერს ზურაბიშვილი.

მისი თქმით, დღეს, როდესაც ეს გათვლა მათსავე წინააღმდეგ შემოტრიალდა, საპარლამენტო უმრავლესობა პასუხისმგებლობის მასზე გადმოტანას ცდილობენ.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო უშუალოდ „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკური არჩევანი. საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საპარლამენტო უმრავლესობას და ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერანაირი იაფფასიანი პროპაგანდისტული ილეთით ვერ გაექცევიან“, – აცხადებს ზურაბიშვილი.


საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკიდან გადაგზავნილი შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.

ეროვნულმა ბანკმა 9 ოქტომბერს თქვა, რომ ბანკის საბჭოს მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, მოხდა მისი აცილება საბჭოს სხდომებიდან, სანამ არ დასრულდება პროკურატურის გამოძიება.

საქართველოს ეროვნულ ბანკს 572 მილიონ 118 ათასი ლარით ჰყავს დაჯარიმებული სებისსაბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიებასთან დაკავშირებული შპს „ბიტექსჩეინჯი“.

„რადიო თავისუფლებამ“ განაცხადა, რომ ორი თვეა ამზადებს ჟურნალისტურ გამოძიებას, თუ როგორ მოითხოვდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის რეგულირებული კრიპტოკომპანიის ბიზნესის წილს. კომპანიის მფლობელმა დავით ორჯინიკიძემ წილის დათმობაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა ის 572 მილიონი ლარით დააჯარიმა.

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2024 წლის ივლისში „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლები, დავით ორჯონიკიძე და ნინო ქოპილაშვილი ნანა ყეინიშვილმა სახლში სტუმრად მიიპატიჟა. მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით აუდიოჩამწერი მოწყობილობა ჰქონდათ. მათ ჩაიწერეს, როგორ მოითხოვა ნანა ყეინიშვილმა წილები, ჩანაწერი კი სუსის ანტიკორუფციულ სამსახურს გადასცეს, თუმცა უწყებას ამ დრომდე რეაგირება არ ჰქონია.