კომკომი: არ არსებობს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც კომუნიკაციების კომისიამ აკრძალა

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებას, რომ კომუნიკაციების კომისიამ 93 სიტყვა აკრძალა, კომკომი გამოეხმაურა და თქვა, რომ TI-ის „საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს“.

კომისია ამბობს, რომ მათ „არ აქვთ არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს. არ არსებობს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც კომუნიკაციების კომისიამ აკრძალა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ მასალაში საუბარია იმ საკანონმდებლო მოთხოვნებზე, რომლებსაც მაუწყებლები უნდა იცავდნენ“, – ამბობს კომკომი.

ბოლო 6 თვეში კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი ბარათები 7-ჯერ შეუდგინა და ისინი პირველად სიტყვიერად გააფრთხილა, შემდეგ – თითოეული ჯერ 2500 ლარით, მომდევნო ჯერზე კი – 5000 ლარით დააჯარიმა. კომისიას მათთვის ლიცენზიის შეჩერების უფლებამოსილებაც აქვს.

კომისიის მიერ კრიტიკული ტელევიზიებისთვის აკრძალულ სიტყვებსა და ფრაზებს შორისაა: „რეჟიმი“, „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“, „ცრუ მოწმე პოლიციელები“, „პოლიტიკური პატიმრები“, „პოლიტიკური ტყვეები“, „რეპრესიული პოლიტიკა“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ე.წ. განათლების რეფორმა“, „ქართული ოცნების პოლიცია“, „უკანონო პატიმრობა“, „სქროლვა-სქრინვის სამმართველო“, „ოცნების ხელისუფლება“, „რეპრესიული კანონები“, „რეჟიმის სასამართლო“, „ივანიშვილის პრეზიდენტი“, „ოცნების სუსი“, „სასამართლო კლანი“ და ა.შ.

კომკომი წერს, რომ:

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლებს ეკრძალებათ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება.

იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე.

შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ – მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება“, – წერს კომუნიკაციების კომისია და დასძენს, რომ მათი მიზანი არა მაუწყებლის სანქცირება, არამედ „მედიის მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებით კანონის აღსრულება და საზოგადოების ინტერესების დაცვაა“.