მანანა გიორგობიანს ბრალი წარუდგინეს - პროკურატურა აღკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვს

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, მაღაზია „სპარის“ თანამშრომლებზე ძალადობის საქმეზე მანანა გიორგობიანს ბრალდება წარუდგინეს. მას 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

უწყება ამბობს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

პროკურატურის განცხადებითვე, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ოთხი პირი, ხოლო მეხუთე პირის დაკავების მიზნით ტარდება სპეციალური ღონისძიება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ნოემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში მანანა გიორგობიანმა ამავე მაღაზიის თანამშრომლებს მოსთხოვა ფულადი თანხის დახურდავება, რაზეც უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული, მიაყენა დაზარალებულებს სიტყვიერი და მათ შორის ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით.

მაღაზიიდან გასვლის შემდეგ, მანანა გიორგობიანმა ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რასაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, გიორგობიანმა შემთხვევის ადგილზე მიიყვანა ხუთი პირი, რომლებიც ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულებს და მიაყენეს დაზიანებები, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, – წერია უწყების განცხადებაში.

მანანა გიორგობიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


„სპარის“ თანამშრომლებზე ძალადობის საქმეზე დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს. მანანა გიორგობიანი პოლიციამ გუშინ დააკავა.

„ქართული ოცნების“ აქტიურმა მხარდამჭერმა მანჩო გიორგობიანმა გუშინ, 4 ნოემბერს „ოცნების“ შს მინისტრთან გეკა გელაძესთან დაკავშირებით მუქარის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. გიორგობიანი გელაძეს „ჰაერში აწევით“ ემუქრებოდა. მოგვიანებით მანანა გიორგობიანის პოსტი მის Facebook-გვერდზე აღარ იძებნებოდა.

„გელკა გელაძე ხარ თუ ვიღაცა, თავში ხომ არ აგივარდა ბიჭო, აგწევთ ჰაერში მთელ შსს-ს და ჩამოგალაბორანტებ მინისტრობიდან!!!!” – წერდა ოცნების პროპაგანდისტი. გიორგობიანი აღნიშნავდა, რომ პოლიციამ მისი ძმა შეაჩერა, რომელსაც მედიკამენტები მოჰქონდა. „ჭრიჭინას ძერასავით მოგხსნი ჰაერში!!!! ტყვიას ტყვიაში ვაჯენ, ნაბანდიტარი ვერელი ვარ, თან ხილიანსკი!!!”, – წერდა გიორგობიანი და იმუქრებოდა, რომ პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, ქუჩაში გამოვა და სტრატეგიულ ობიექტებს შტურმით აიღებს.