შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „სპარის“ თანამშრომლებზე ძალადობის საქმეზე კიდევ ერთი პირი – 1997 წელს დაბადებული შ.ა. დააკავეს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკავებული არიან: 1970 წელს დაბადებული მანანა გიორგობიანი, 1996 წელს დაბადებული ჯაკო ჩარკვიანი, 2000 წელს დაბადებული ლ.გ., 1999 წელს დაბადებული დ.პ. და 1995 წელს დაბადებული დ.კ.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა თბილისში, 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ერთ-ერთი სუპერმარკეტის 2 თანამშრომელზე რამდენიმე პირთან ერთად ჯგუფურად იძალადა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის ვინაობა დაადგინეს და ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.