პროკურატურის ცნობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების მუხლით ბრალი წარედგინა ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს. სასამართლომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უკვე იმსჯელა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ფოთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ისარგებლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და 2019-2024 წლებში როგორც საკუთარ, ასევე ახლობლის საბანკო ანგარიშებზე თანამდებობრივი სარგოს, მივლინებისა და სხვა დანიშნულებებით, ზედმეტად ჩარიცხა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 157 906 ლარი.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.