აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა მთავრობის დახურვის დასრულებას, ახლა ჯერი კონგრესზეა

პუბლიკა

აშშ-ის სენატმა 60 ხმით 40-ის წინააღდეგ მხარი დაუჭირა მთავრობის დახურვის დასრულებას.

სენატმა ე.წ. შათდაუნის დასასრულებლად საბოლოო კანონპროექტი მიიღო და ის წარმომადგენელთა პალატას გაეგზავნება.

დახურვის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება სწორედ კონგრესმა უნდა მიიღოს, შემდეგ კი მას პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა მოაწეროს ხელი. სენატის მიერ მიღებული კანონპროექტის კენჭისყრა კონგრესში, სავარაუდოდ, 12 ნოემბერს გაიმართება.

ამით აშშ-ის ისტორიის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი – 41-დღიანი შათდაუნი დასრულდება.

აშშ-ის მთავრობის დახურვის მიზეზი გახდა ის, რომ კონგრესმა ვერ შეძლო ყოველწლიური ასიგნებების კანონპროექტების ან დროებითი დაფინანსების ზომების დამტკიცება ახალი ფისკალური წლის დაწყებამდე, 1 ოქტომბერს.

კონგრესი ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის სუბსიდიების შესახებ ვერ შეთანხმდა – დემოკრატებს სურდათ, აშშ-ის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის დაფინანსება გაეგრძელებინათ, რესპუბლიკელები კი ეწინააღმდეგებოდნენ. ვინაიდან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, მთავრობას არ ჰქონდა თანხების ხარჯვის უფლებამოსილება, მთავრობა დაიხურა. ხელფასის გარეშე დარჩა საჯარო სამსახურებში დასაქმებული 1.4 მილიონი ადამიანი.

გუშინ სენატმა კომპრომისული შეთანხმება მიიღო – ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შესახებ კენჭისყრა დეკემბერში გაიმართება და არა მანამდე. ამ დროისთვის მოქმედი კანონით, ჯანდაცვის სერვისების სუბსიდირება 1 იანვრამდეა ძალაში. თუმცა, კენჭისყრის ვადის გადაწევა არ ნიშნავს, რომ სერვისების სუბსიდირებაც გაგრძელდება.

ამავე დროს, მიღებული შეთანხმება აღადგენს ფედერალური სამსახურების დაფინანსებას და ხელს შეუშლის დონალდ ტრამპს, 30 იანვრამდე სამსახურიდან გაათავისუფლოს ადამიანები.