თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 20 სამხედროს დაღუპვას. სამინისტრო სოციალურ ქსელში დაღუპულთა ფოტოებსა და თავდაცვის მინისტრის სამძიმარს ავრცელებს.
თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიფრინავდა, აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში გუშინ, 11 ნოემბერს, ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის ადგილზე ქართულ უწყებებთან ერთად თურქეთის სამაშველო ჯგუფები და შეიარაღებული ძალები მუშაობენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.