რუსეთის საჰაერო სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა.
ამის გამო აზერბაიჯანმა დაიბარა რუსეთის ელჩი, მიხაილ ევდოკიმოვი და მკაცრი პროტესტი გამოხატა.
ინფორმაცია თავად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
„მას ეცნობა, რომ აფეთქების შედეგად საელჩოს ტერიტორიის ღობის ნაწილი მთლიანად განადგურდა, დაზიანდა ნაგებობები, სამსახურებრივი მანქანები, საელჩოს ადმინისტრაციული შენობა და საკონსულო განყოფილება, ასევე სერიოზულად დაზიანდა დიპლომატიური მისიის ტერიტორია. საბედნიეროდ, ამ დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია”. – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებისვე ცნობით, რუსთის ელჩთან ლაპარაკისას გაიმეორეს, რომ „მსგავსი სარაკეტო თავდასხმები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, ადრეც მომხდარა”.
კერძოდ, აზერბაიჯანის საგარეო უწყება რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, როცა რუსეთმა აზერიბაიჯანული შენობები და ინფრასტრუქტურა დააზიანა, მათ შორის აღნიშნავს 2025 წლის 18 აგვისტოს, როცა რუსებმა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის ნავთობტერმინალებზე დრონებით საჰაერო იერიში მიიტანეს. დაბომბვამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ელჩთან ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველა ეს ფაქტი კითხვებს ბადებს სარაკეტო თავდასხმების მიზნის შესახებ.
„ასევე, შეხვედრის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩვენს დიპლომატიურ მისიებზე ასეთი თავდასხმები მიუღებელია და რუსეთს მოეთხოვა ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გამოძიების ჩატარება და დეტალური ახსნა-განმარტების წარდგენა”. – აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო უწყება.