„ქართული ოცნების” ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი „იგლ ჰილსის” პროექტების შესახებ ამბობს, რომ უნდოდათ, ისინი ისეთ ტერიტორიებზე განხორციელებულიყო, რომლებიც „წლების განმავლობაში ვერ განვითარდა, რომ აქედან სახელმწიფოს მიეღო მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელი“.
საქმე ეხება კრწანისის ტყე-პარკსა და შემოგარენში, ასევე გონიოში, ჭოროხის დელტის სიახლოვეს დაგეგმილ დეველოპერულ პროექტებს, რომელთა განხორციელებასაც არაბული კომპანია Eagle Hills გეგმავს. პროექტისთვის კომპანიას „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში 900 ჰა-მდე მიწა დაუთმო.
გასაიდუმლოებულია ხელშეკრულების დეტალები.
„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ პროექტები ქვეყანას 6.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას მოუტანს. ირაკლი კობახიძე და მარიამ ქვრივიშვილი ამბობენ, რომ „ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფოს პროექტის მოგებიდან დარჩება 33%”.
თუმცა, უცნობია, როგორ დაფინანსდება პროექტი.
კრწანისის პარკი და გონიოში ჭოროხის დელტა, რომელიც პროექტის ტერიტორიაში ექცევა, ბიომრავალფეროვნების მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეკოლოგები და გარემოსდამცველები საუბრობენ როგორც ამ ტერიტორიების განადგურების საფრთხეებზე, ისე იმ უარყოფით შედეგებზე, რომლებიც ამას მოჰყვება.
მაგალითად, ეკოლოგი ლუკა ტყემალაძე „პუბლიკასთან” ამბობს, რომ კრწანისის ტყე ჭალის ტყეა, რაც ძალიან მგრძნობიარე ეკოსისტემაა და ვერანაირი მშენებლობა ვერ მოხდება მისი დაზიანების გარეშე. შესაბამისად, ასეთი ტიპის ეკოსისტემაში უხეში ჩარევა იქნება გამოუსწორებელი შეცდომა.
ლუკა ტყემალაძის თქმით, კრწანისის ტყეს მარეგულირებელი ფუნქცია აქვს. ეს არის ეკოსისტემა, რომელიც არეგულირებს კლიმატს ორი ქალაქისთვის, არეგულირებს ბიომრავალფეროვნების მიგრაციას და აქვს შემაკავებელი ფუნქცია წყალმოვარდნების დროს.
რაც შეეხება გონიოს და ჭოროხის დელტას – აქ დაჭაობებული ჰაბიტატია, რომელიც დასვენების ადგილია გადამფრენი ფრინველებისთვის, შესაბამისად, მის განადგურებას გავლენა ექნება გლობალურ ეკოლოგიაზე.
მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რატომ შეირჩა დეველოპერული პროექტებისთვის აღნიშნული ტერიტორიები:
„სახელმწიფოს ინტერესი იყო, შემოგვეყვანა ეს ინვესტორი, ბევრი შეთავაზება გაკეთდა, ბევრი ალტერნატიული ტერიტორია იყო, მაგრამ ამ ორ, დიდი ზომის ტერიტორიას, რომლებიც მრავალი წელია ვერ განვითარდა, ძალიან დიდი მოცულობის ინვესტიცია სჭირდება. ბუნებრივია ჩვენი ინტერესი იყო, რომ ასეთ ტერიტორიაზე შესულიყო ინვესტორი, რომელსაც ასეთი რთული პროექტების განხორციელების უდიდესი გამოცდილება აქვს, მეორე მხრივ, მათ შეუძლიათ ფინანსურად სრული უზრუნველყოფა და მესამე – ეს უნდა ყოფილიყო პროექტები, რომლებიც ღირებულებას მოუტანდა ჩვენს ეკონომიკას, მის კონკრეტულ სექტორებს და შექმნიდა ახალ სამუშაო ადგილებს“. – თქვა მან.
ქვრივიშვილმა ასევე თქვა, რომ „საქართველოს სახელმწიფოს არავითარი ვალდებულება, მათ შორის, ფინანსური, „იგლ ჰილსის“ პროექტში არ აქვს“.
„სახელმწიფოს არ გაუცია ფინანსური გარანტია და უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციის მიუხედავად, ინვესტორისთვის არ მიუცია საგამონაკლისო ან განსხვავებული შეთავაზება, მათ შორის, საგადასახადო შინაარსის.
საუბარი შეეხება პროექტს, რომელიც არა უბრალოდ დეველოპერული პროექტია, არამედ გონიოსა და დედაქალაქში მულტიფუნქციურ ახალი პროექტები შეიქმნება – ერთი მხრივ აშენდება საცხოვრებელი სივრცეები, ამასთან, ტერიტორიის ნახევარზე მეტი სარეკრეაციო სივრცეებს დაეთმობა. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი სასტუმრო და განთავსების ობიექტები, შედეგად დაახლოებით 1,400-ზე მეტი საწოლი ადგილი დაემატება ქვეყანას.
რაც შეეხება საცხოვრებელ სივრცეებს, გონიოსა და თბილისს დაახლოებით 16,000-მდე საცხოვრებელი ფართი შეემატება, ამავდროულად ორივე ტერიტორიაზე მოეწყობა სარეკრეაციო ზონები, ასევე დიდი ადგილი დაეთმობა სავაჭრო, გასართობ სივრცეებს და ა.შ“, – ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.