SJC: სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება კიდევ ერთი გამოწვევაა დეოკუპაციისა და სამშვიდობო პოლიტიკისთვის

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას დეოკუპაციისა და სამშვიდობო პოლიტიკისთვის კიდევ ერთ გამოწვევად აფასებს.

ორგანიზაციამ მოამზადა ვრცელი მიმოხლივა, რომელშიც საუბარია ადმინისტრაციის შექმნის ისტორიაზე, გაუქმების არგუმენტებსა და პოლიტიკური კონტექსტის ანალიზზე.

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია 2007 წელს შეიქმნა. მის ფუნქციებში შედიოდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრისა და ფართო პოლიტიკური თვითმმართველობის მინიჭების მიზნით, ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების სახელით, მოლაპარაკების წარმოება საქართველოს ხელისუფლებასთან.

გარდა ამისა, დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში კანონიერებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფა, ამ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისა და ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვა; ადგილობრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობა, სოციალურ-ეკონომიკური პროექტების შემუშავება-განხორციელება, ქართული და ოსური ენების, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ა.შ.

ადმინისტრაციის საქმიანობა ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ბოლო წლების განმავლობაში მათ სტაბილურად ორი მილიონ 400 ათასი ლარი ჰქონდათ გამოყოფილი, რომელიც ხმარდებოდა სხვადასხვა სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს, დევნილების სოციალურ დახმარებას და სამედიცინო მხარდაჭერას.

დროებითი ადმინისტრაციის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო: შექმნილიყო ოსი ხალხის წარმომადგენლობითი სტრუქტურა მასთან სალაპარაკოდ და მასთან ერთად სარეაბილიტაციო პროექტების განსახორციელებლად. მანამდე ამ მიზნით გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებები კოკოითის ხელში იყრიდა თავს.

ადმინისტრაცია ჩართული იყო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა.

„დროებითი ადმინისტრაცია ყოველთვის მეტწილად უფრო სიმბოლური პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი იყო და ის სახელმწიფო ბიუჯეტს მის ქვეშ შემავალი მუნიციპალიტეტების გარკვეული სერვისებით მომსახურებისთვის იყენებდა. ის არ ყოფილა აქტიური პოლიტიკური ფიგურა კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით, თუმცა იმ პირობებში როდესაც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქს/ცხინვალის რეგიონს საკუთარი de jure წარმომადგენლობა არ ყავდა (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითისგან განსხვავებით), ის ასრულებდა თბილისის მიერ აღიარებული და მხარდაჭერილი ადგილიბრივი ადმინისტრაციის როლს.

აღსანიშნავია, რომ მის შექმნას თავის დროზე აკრიტიკებდნენ სამშვიდობო პოლიტიკაში ჩართული ექსპერტებიც, რომლებიც ამ ორგანოს შექმნაში მხარეებს შორის კონფრონტაციისა და საზოგადოებების პოლარიზების გაღრმავების რისკებს ხედავდნენ“, – წერს SJC.

გადაწყვეტილების პოლიტიკური ანალიზი

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, „ქართული ოცნება“ კვლავ აგრძელებს ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებას, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე.

„კონფლიქტების და ომის მიმართულებით მოულოდნელი და ახალი გადაწყვეტილებების სერია ბოლო 2 წელში, ქვეყანაში საგარეო პოლიტიკის რადიკალური ცვლილების, აგრესიული დეევროპეიზაციისა და რუსეთის მიმართ მკვეთრად შერბილებული რიტორიკის ფონზე, საზოგადოებაში ზრდის ეჭვებსა და შიშებს დეოკუპაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ნამდვილ მიზნებთან და მოტივებთან დაკავშირებით.

უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მიმართულებით პოლიტიკაში შექმნილი ეს სტრატეგიული გაურკვევლობა, სამწუხაროდ ხელს უწყობს უნდობლობის გაზრდას საზოგადოებაში, სტაბილურობის ღრვევასა და საბოლოოდ, გარე ძალების გავლენის მიმართ ქვეყნის მოწყვლადობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია განიხილავს იმ კონტექსტსაც, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

„მას საფუძვლად უდევს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლითაც „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 2008 წლის ომზე პასუსიხმგებლობა სრულად წინა ხელისუფლებას დააკისრა და პრაქტიკულად გააქრო რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი.

ამას ასევე თან ერთვოდა მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გორში გაკეთებული განცხადება ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით.

ამგვარად, ჩნდება განცდა, რომ ეტაპობრივად, „ქართული ოცნების” ხელისუფლება ცდილობს შეცვალოს მანამდე სახელმწიფოს მიერ გაზიარებული პარადიგმა კონფლიქტებთან და ომთან დაკავშირებით და საჯარო დისკურსიდან სრულად გააქროს რუსეთის ბრალეულობისა და პასუხისმგებლობის საკითხი, რაც დეოკუპაციის მიმართულებით სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებებთან მოდის წინააღმდეგობაში და სამართალში, პოლიტიკაში, ენაში მისი არ-დამკვიდრების მიდგომას ცვლის.

შექმნილი გეოპოლიტიკური კონტექსტი, დაძაბული ურთიერთობა დასავლეთთან და რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან თანხვედრაში არსებული განცხადებები აჩენს ეჭვებს, რომ ამ გადაწყვეტილებების უკან ახალი გეოპოლიტიკური ინტერესები და კონფლიქტების მიმართულებით გაჩენილი სრულიად ახალი დინამიკა შეიძლება იდგეს.

უნდა ითქვას, რომ თბილისის ესეთი გადაწყვეტილებები ასევე გაურკვევლობებს აჩენს, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის და გამყოფი ხაზის აქეთ, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვისაც და თბილისსა და მოსკოვს შორის ახალი ფარული შეთანხმებების ეჭვებს აჩენს. ამგვარ სტრატეგიულ გაურკვევლობას შესაძლოა ასევე მოყვეს ახალი დინამიკა კონფლიქტის ადგილებში, რაც მხედველობაში ასევე არ არის მიღებული „ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლებას უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლებრივად აღიარებულ ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს, რომ:

„ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს ქმედება, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ჩაითვლება სახელმწიფოს ქმედებად, განურჩევლად იმისა, ქმედების განმახორციელებელი ორგანო განეკუთვნება საკანონმდებლო, აღმასრულებელ თუ სასამართლო შტოს ან აქვს თუ არა სხვა ნებისმიერი ფუნქცია, რა პოზიციაც არ უნდა ეკავოს ამ ორგანოს სახელმწიფო მოწყობის მოდელში და რა ბუნებისაც არ უნდა იყოს“.

„შესაბამისად, ვიწრო პარტიული ინტერესებით მიღებული გადაწყვეტილებები და ომისა და კონფლიქტების მიმართულებით პოლიტიკის პარადიგმის რადიკალური ცვლილება, გრძელვადიან გავლენას მოახდენს ქვეყნის მომავალზე და მან შესაძლოა, საბოლოოდ შეცვალოს საქართველოს უსაფრთხოებასა და კონფლიქტების საკითხზე საერთაშორისო პოლიტიკა და მიდგომებიც“, – წერს ორგანიზაცია.

განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება, ყოველგვარი ალტერნატიული პოლიტიკური მექანიზმის შემოთავაზების გარეშე არსებითად ცვლის ძალთა კონფიგურაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატშიც.

„სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება, ყოველგვარი ალტერნატიული პოლიტიკური მექანიზმის შემოთავაზების გარეშე, გარდა იმისა, რომ კონფლიქტისა და სამშვიდობო პოლიტიკის აქტორების რუქაში საკუთარ წარმომადგენლობას პარადოქსულად ასუსტებს/ანულებს (კონკრეტული ორგანოების მიმართ ლეგიტიმური კრიტიკის არსებობს მიუხედავად), ის არსებითად ცვლის ძალთა კონფიგურაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატშიც. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან აფხაზეთის მთავრობის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, ამ გადაწყვეტილებით კი ცხინვალის მიმართულებით წარმომადგენლობის წონასწორობა ირღვევა. ამ მიმართულებით საზოგადოებაში გაჩენილი კითხვებისთვის ქართულ ოცნებას ამ დრომდე არ უპასუხია.

საინტერესოა, რომ „ქართული ოცნება” ცდილობს მათი ახალი გადაწყვეტილებები რიტორიკულად დააბალანსოს და არაღიარების პოლიტიკაზე მკაცრი პოზიციებით გადაფაროს უკმაყოფილება. მაგალითად, გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებასთან კავშირში “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ განაცხადა ტერმინ “სამხრეთ ოსეთის” შეუსაბამობაზე არაღიარების პოლიტიკასთან. შალვა პაპუაშვილის თქმით, დროებით ადმინისტრაციის შექმნით ნაციონალურმა მოძრაობამ ეს ტერმინი დაამკვიდრა. თუმცა შალვა პაპუაშვილის ეს მტკციება არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ჯერ კიდევ 1992 წლის სოჭის ხელშეკრულებაში და მის საფუძველზე ერთობილივი სამშვიდობო მისიის შექმნის ხელშეკრულებაშიც “სამხრეთ ოსეთი” როგორც მხარე ცალკეა აღნიშნული და მას ხელს აწერენ რუსეთი და საქართველოს პრეზიდენტები და ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები. აქვე აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო მაცნეზე იძებნება ათეულობით სამართლებრივი აქტი, მათ შორის ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში მიღებული, რომელიც სწორედ ამ ტერმინს იყენებს“, – წერს ორგანიზაცია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.