„ოცნების“ საგარეო: ადამიანის უფლებებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები

პუბლიკა

„ქართული ოცნების“  საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ყოველწლიური დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით, შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო „სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით“. 

„ოცნების“ საგარეო წერს, რომ „ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი.  ბრიუსელი არ არის მზად მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები“.

„ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებისამებრ 2025 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.

იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე, ევროკავშირის მხარემ ყველა დონეზე შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი, ქართული მხარე აღნიშნულ შეხვედრას განიხილავდა, როგორც ევროკავშირთან ჩართულობის შესაძლებლობას, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელზეც ჩვენს საზოგადოებას ხშირად ესმის ბრიუსელის კრიტიკა.

ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო გასწია, რათა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ევროკავშირის მხარისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყოფილიყო შესაძლებელი და სწორედ ამ საჭიროებების გათვალისწინებით შედგა საქართველოს დელეგაციაც შესაბამისი უწყებების მონაწილეობით.

სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მონდომების მიუხედავად, ევროკავშირის მხარემ გადადო ზემოხსენებული შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით.

აღნიშნული საკითხის მორიგი სპეკულაციებისთვის გამოყენება საფუძვლიან ეჭვს აჩენს და ქმნის აღქმას, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი და ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც გამოყენებულ იქნა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისთვის.

ქართული მხარე კონსტრუქციული მიდგომის ერთგულია და მიიჩნევს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობებში დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ბრიუსელის მხრიდან შეწყვეტილი დიალოგის სრულად განახლების შემდეგ, განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებით ევროკავშირთან დიალოგის ფორმატებში ჩართვას“, – ნათქვამია განცხადებაში.


გუშინ, 18 ნოემბერს ონლაინგამოცემა „რეალპოლიტიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირისა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებებზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს ბრიუსელში უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა.

გამოცემამ ინფორმაცია ბრიუსელში წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა – ერთ-ერთი წყაროს ცნობით, გაუქმების გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ხელისუფლების მიერ დელეგაციის შემადგენლობაში სანქცირებული პირების ჩასმის მცდელობა.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებზე დიალოგი 2009 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. შეხვედრებზე განიხილება ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა და დემოკრატიული რეფორმების პროგრესი.

ევროკავშირს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ყველა ფორმის კომუნიკაცია გაწყვეტილი აქვთ, გარდა იმ კავშირებისა, რომლებიც არსებული ვითარებიდან გამოსავალზეა ორიენტირებული. თუმცა, ევროკავშირი ადამიანის უფლებათა დიალოგს ევროკავშირი ყველა ქვეყანასთან აწარმოებს და ეს სტანდარტული პრაქტიკაა, ვინაიდან, როგორც EU-ის უწყების წარმომადგენლები ამბობენ, კავშირი სწორედ ადამიანის უფლებების ფუნდამენტზე დგას.