„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, სასამართლო პროცესზე ადვოკატებისთვის ტექნიკით სარგებლობის შეზღუდვა ლახავს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა სამართლით დადგენილ დაცვის მხარის სამართლიანი სასამართლოს, ისევე როგორც ადვოკატთა მიერ თავიანთი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გარანტიებს.
ორგანიზაცია ეხმაურება იუსტიციის საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის ინტერვიუს, რომელშიც გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოში მობილური ტელეფონების ჩამორთმევა შეეხება ყველას, რადგან კანონში გამონაკლისი მითითებული არაა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების უზრუნველყოფად ვერ შეფასდება ადვოკატების შეზღუდვა, სრულფასოვნად დაიცვან საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი ინდივიდები და ამ მიზნით პროცესზე გამოიყენონ საჭირო დამხმარე ტექნიკური საშუალებები.
„სასამართლო პროცესების სრულად გასაიდუმლოების ასეთი მონდომებული მცდელობა არა მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტიანობას, არამედ დაცვის მხარისა და ადვოკატების უფლებების უგულებელყოფის ხარჯზე, საზოგადოების სამართლიანი და მწვავე კრიტიკისგან იმ მოსამართლეთა კომფორტის დაცვას ემსახურება, რომლებიც პოლიტიკური პატიმრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისათვის უსამართლოდ დაკავებული მოქალაქეების საქმეებს იხილავენ“, – აცხადებს ორგანიზაცია.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, სამართლებრივი ჩარჩოს იმგვარი განმარტება, როგორიც დიმიტრი გვრიტიშვილმა შემოგვთავაზა, უკანონოა და ზღუდავს არა მხოლოდ პირის კონსტიტუციით გარანტირებულ სათანადო დაცვის უფლებას, არამედ ლახავს ადვოკატების მიერ საკუთარი უფლებებისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობასაც და ხელს უშლის მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას.
„თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური და საკომუნიკაციო საშუალებები, როგორებიცაა მობილური ტელეფონი თუ პერსონალური კომპიუტერი, არაერთი საქმიანობის განუყოფელ ატრიბუტად იქცა. ეს განსაკუთრებით ეხება იმ სფეროებს, სადაც ადამიანები ინტელექტუალურ შრომას ეწევიან. გამონაკლისი არც საადვოკატო საქმიანობის განხორციელებაა. საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სათანადოდ, სრულყოფილად და პასუხისმგებლობიანად დაცვა, განსაკუთრებით სასამართლო პროცესზე, ადვოკატების მხრიდან წინასწარ დაგეგმილ, კარგად მომზადებულ ინტელექტუალურ შრომას მოითხოვს, რომლის განხორციელებაც დღეს ფაქტობრივად წარმოუდგენელია ზემოაღნიშნული ტექნიკური მოწყობილობების დახმარების გარეშე. ამასთან, სასამართლო პროცესებზე ადვოკატის მთავარი ფუნქციაც და მოვალეობაც საკუთარი კლიენტის უფლებების სათანადოდ დაცვაა და არა მიმდინარე პროცესის გაშუქება, რომელიც უპირველესად მედიის ფუნქციას წარმოადგენს.
შესაბამისად, ადვოკატებისთვის მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის სასამართლო პროცესზე შეტანის შეზღუდვა უპირველესად დასაცავი პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების სათანადოდ რეალიზებას ემუქრება, ისევე როგორც უხეშად ერევა ადვოკატის, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლის საქმიანობაში. ეს შეზღუდვა ვერ იქნება გამართლებული მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ინტერესით, მაშინ როდესაც ადვოკატი საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე თავად არის მართლმსაჯულების განუყოფელი რგოლი, რომელსაც მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციებიდან გამომდინარე, კონსტიტუცია და კანონმდებლობა დაცვის არაერთ გარანტიას ანიჭებს.
ამგვარად, ცხადია, ადვოკატების მიერ საკუთარი ფუნქციების სათანადოდ განხორციელებაში ხელშეშლა სასამართლო სხდომის დარბაზებში ვერ იქნება ნაკარნახევი მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელების იმგვარი განმარტებით, როგორსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მისი წევრი – დიმიტრი გვრიტიშვილი საზოგადოებას სთავაზობს. მეტიც, სასამართლო პროცესების ნებისმიერი ფორმით გაშუქების სრულად აკრძალვა და მისი საჯაროობის ტოტალური კონტროლი სწორედაც რომ მართლმსაჯულების ინტერესებს აზიანებს და ძირს უთხრის საზოგადოებრივ ნდობას სასამართლო ინსტიტუტების მიმართ.
ჩვენი შეფასებით, პროცესების ამგვარი „გასაიდუმლოების“ რეალური მიზანი საზოგადოებაში არსებული სამართლიანი და მზარდად მწვავე კრიტიკის განეიტრალებაა, რაც პოლიტიკური პატიმრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას უკანონოდ დაკავებული ადამიანების პროცესებზე მოსამართლეთა და ზოგადად სასამართლო ხელისუფლების მიმართ არსებობს. აქამდე სასამართლო პროცესების საჯაროობამ და მედიასაშუალებების თუ სხდომაზე დამსწრე საზოგადოების თანმიმდევრულმა შრომამ გახადა შესაძლებელი, საზოგადოებას დაენახა სასამართლოში არსებული სავალალო მდგომარეობა, ის სამართლებრივი თუ მორალური შეუსაბამობები, რაც დღეს მართლმსაჯულებას საქართველოში ფაქტობრივად მისი რეალური ფუნქციის კარიკატურად აქცევს. შესაბამისად, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების იმგვარი ფართო და განუჭვრეტელი განმარტება, როგორსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მისი წევრი საზოგადოებას სთავაზობს, სწორედ სასამართლო პროცესებზე დაცვის მხარის უფლებათა უგულებელყოფით კონტროლის დამყარებას ემსახურება, რამაც სასამართლო კლანისა და ინდივიდუალური მოსამართლეების დისკომფორტი ამ პროცესში მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს“, – აცხადებს ორგანიზაცია.
„რეგულაცია არის ისეთი, რომ ეხება ყველას… გამონაკლისები ჟურნალისტების მიმართ დაწესებული არ არის”, – ასე პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ჟურნალისტების შეკითხვას სასამართლოში ტელეფონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სასამართლოს შენობაში არ უნდა დაიშვას ნებისმიერი ტექნიკური საშუალების შეტანა.
ის ამბობს, ეს რეგულაცია განპირობებულია პარლამენტის მიერ ივნისში მიღებული კანონით, რომლითაც აიკრძალა სასამართლოს შენობაში ფოტო-ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა.
შეკითხვაზე – „ვის ჩამოერთმევა” ტექნიკური საშუალებები – საპასუხოდ გვრიტიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ნებისმიერ პირს.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, გავრცელდება თუ არა ეს შეზღუდვა ჟურნალისტებზე, ადვოკატებსა და პროკურორებზე, აღნიშნა, რომ კანონში გამონაკლისები მითითებული არაა.