„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიქვაძე წერილს ავრცელებს, სადაც საუბარია ივანიშვილის სასამართლო დავებზე, „დიფ სთეითსა“ და სანქციებზე.
ადვოკატი ამბობს, რომ 24 ნოემბერს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ბერმუდაზე დაწყებული დავის მესამე, საბოლოო ინსტანცია ბიძინა ივანიშვილის სარჩელზე. წიქვაძის განცხადებით, ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ რა შედეგებითაც უნდა დასრულდეს სასამართლო ამ თანხების დაბრუნება არ მოხდება.
წიქვაძის მტკიცებით „ივანიშვილის მიმართ უცხოური სპეცსამსახურების, იგივე „დიპ სტეიტის“ მხრიდან პოლიტიკური დევნა 2008 წელს დაიწყო“. ადვოკატი ამბობს, რომ ამ პერიოდში ენმ-მ არევნები გააყალბა, რის გამოც ივანიშვილი „სრულად დისტანცირდა ამ პოლიტიკური ძალისგან“, ეს კი, მისივე მტკიცებით, „კატეგორიულად მიუღებელი იყო წინა ხელისუფლების გარე პატრონებისთვის, რის გამოც მიზანმიმართულად დაიწყეს შვეიცარიაში განთავსებული ფინანსური ანგარიშების დანგრევა“. წიქვაძე წერს, რომ „გადაიბირეს“ „კრედიტ სუისში“ მომუშავე პერსონალური ბანკირი პატრის ლესკუდრონი – „რომლის ხელით გაძარცვეს ბატონი ივანიშვილის ანგარიშები“.
ადვოკატი საუბრობს აშშ-ის სანქციებზეც:
„სასამართლო დავების პარალელურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა დროთა განმავლობაში ახალ მასშტაბებს და აბსურდულობის ახალ მწვერვალებს იპყრობდა, რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა მას საქართველოში „რუსული ინტერესების“ გატარების საბაბით. აშკარად იკვეთება, რომ არაფორმალურ მმართველებს, იგივე „დიპ სტეიტს“ აშკარად უჭირს სასამართლო სისტემის და პროცესების გაკონტროლება, მით უმეტეს, როდესაც საქმეში იოტისოდენა კითხვის ნიშნები არ არსებობს, მაგრამ მათ ხელთ აქვთ სხვა არაერთი ბერკეტი, მათ შორის ჩემ მიერ ხსენებული სანქციები.
გარდა იმისა, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაციიდან არავის აუხსნია, კონკრეტულად რის გამო დააწესეს სანქცია, რა იყო ის „რუსული ინტერესი“, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა საქართველოში გაატარა, უსაფუძვლოდ, უმიზეზოდ დაწესებული სანქცია სწორედ იმ თანხაზე მიმართეს, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ლონდონში სწორედ 24 ნოემბერს გამოცხადდება. ეს არის ორიდან ერთ-ერთი მსხვილი აქტივი, რომელიც ბატონ ივანიშვილს უცხოეთში აქვს“.
ადვოკატი საუბრობს ბანკ „ჯულიუს ბაერზეც“ და ამბობს, რომ „ბანკმა ხულიგნურად გააჩერა როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი, ასევე თანხაზე წვდომა შეუზღუდა მის მეუღლეს და შვილებს“.
„არის კიდევ ერთი, უფრო მეტაც ცინიკური და თეთრი ძაფით ნაკრები საქმე სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად შვეიცარიაში, კერძოდ ბანკ „ჯულიუს ბაერში“. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის ამ თანხასთან, ბანკმა ხულიგნურად გააჩერა როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი, ასევე თანხაზე წვდომა შეუზღუდა მის მეუღლეს და შვილებს. და თუ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში შვეიცარიის ბანკი სრულიად აბსურდულად, მაგრამ მაინც საბაბად ამერიკულ სანქციებს იყენებს, ვერაფერს და არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ აქვს დაყადაღებული მეუღლის და შვილების თანხები. სპეცსამსახურები წინა ადმინისტრაციის ხელით ბატონი ივანიშვილის მეუღლეს და შვილებს „რუსული ინტერესების გატარებისთვის“ ვერ დაასანქცირებდნენ, რადგან ეს „დიპ სტეიტისთვისაც“ კი გადამლაშება იქნებოდა, თუმცა სადაც ფორმალური მიზეზების მოძებნა უჭირთ, უხეშ, ყაჩაღურ მეთოდებზე გადადიან“, – წერს ადვოკატი.
ადვოკატი აცხადებს, რომ ივანიშვილის მხარისთვის უცნობი იყო, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა 24 ნოემბერს იგეგმებოდა და ეს საჯარო სივრციდან გაიგეს.
„აღნიშნულის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ბატონი ივანიშვილი აბსოლუტურად შეგუებულია იმ ფაქტს, რომ არც „კრედიტ სუისის“ საქმესთან დაკავშირებულ და არც „ჯულიუს ბაერში“ აკუმულირებულ თანხებს (აღნიშნულ ბანკთან ბატონი ივანიშვილი მიმოწერასაც კი აღარ აწარმოებს მათი მხრიდან ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით), მას და მისი ოჯახის წევრებს არ განაკარგინებენ. ისევ და ისევ პოლიტიკური დევნისა და შანტაჟის გათვალისწინებით“, – წერს ივანიშვილის ადვოკატი.