გაეროს სპეციალური მომხსენებლის თქმით, მან მთავრობას ადმინისტრაციულ საქმეებზე მისწერა, თუმცა პასუხი არ მიუღია

პუბლიკა

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, მერი ლოულორმაზრისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის საკითხებში სპეციალური მომხსენებელი ირენე ხანთან და მშვიდობიანი შეკრების უფლების საკითხებში სპეციალურ მომხსენებელ ჯინა რომეროსთან ერთად „ქართული ოცნების“ მთავრობას მიმართა ადამიანის უფლებათა დამცველების, მათ შორის, ბაია პატარაიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისა და ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამართლებრივი და ადმინისტრაციული დევნის შესახებ.

მერი ლოულორის განცხადებით, სამწუხაროდ, მთავრობამ მათ არ უპასუხა. წერილი უპასუხო მიმართვიდან 60 დღის შემდეგ გამოქვეყნდა.

„შეტყობინება გასაჯაროებამდე 60 დღის განმავლობაში კონფიდენციალური იყო. სამწუხაროდ, მთავრობას ამ ვადაში პასუხი არ გაუცია. პასუხის მიღების შემთხვევაში ის გაერო-ს სპეციალური პროცედურების კომუნიკაციების ბაზაში განთავსდება“. – ნათქვამია მერი ლოულორის განცხადებაში.

ერთობლივ წერილში გამოთქმულია შეშფოთება ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება, ბაია პატარაიას, ისევე როგორც 20-მდე სხვა საჯარო პირს, მათ შორის, ჟურნალისტებს და აქტივისტებს, რომლებსაც „ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ფეისბუკში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტების გამო უჩივლეს.

„2025 წლის 11 ივნისს ოცი აქტივისტი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი სასამართლოში დაიბარეს, მომდევნო დღეს დაგეგმილი სხდომისთვის. აღნიშნულ პირებს, მათ შორის ქალბატონ ბაია პატარაიას ედავებოდნენ „ქართული ოცნების“ წევრების შეურაცხყოფას „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტებით. ქალბატონი პატარაიას ადვოკატს აცნობეს, რომ მას ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას.

ეს ახალი დებულება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის 6 თებერვალს შევიდა. ჩვენ სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ მის გამოყენებასთან დაკავშირებით უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დასჯისთვის სოციალურ მედიაში მათ მიერ პოსტების გამოქვეყნების გამო“, – ნათქვამია წერილში.