მაღაროელებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

პუბლიკა

პროტესტის 271-ე დღეს ჭიათურელი მაღაროელები თბილისში ჩამოვიდნენ და ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს.

მაღაროელთა განცხადებით, ისინი დაკავებული 4 მაღაროელის გათავისუფლებასა და რეორგანიზაციის შედეგად უმუშევრად დარჩენილი ჭიათურელების სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას მოითხოვენ.

როგორც მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ თქვა, თბილისში მათი ჩამოსვლის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება ჭიათურაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით.

„დღევანდელი ჩვენი მოთხოვნაა უსამართლოდ დაკავებული 4 მაღაროელის გათავისუფლება, რადგან არ არსებობს არანაირი ფაქტი მათთან დაკავშირებით. საქართველოში გვყავს უკანონოდ დაკავებული ადამიანები და ჭიათურა არ არის გამონაკლისი, მთელ საქართველოში იგივე პრობლემაა.

ჩვენი მოთხოვნაა ასევე, რომ უსამართლოდ გათავისუფლებული 2000-მდე მაღაროელი, რომლებიც კომპანიამ უკანონო რეორგანიზაციის შედეგად გაუშვა სახლებში, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ სამუშაო ადგილზე თუ უნდათ, რომ ჭიათურა არსებობდეს და იყოს როგორც ქალაქი.

ჩვენი აქ [თბილისში] ჩამოსვლის მიზანია, რომ არსებული მდგომარეობა გავაცნოთ სრულიად საქართველოს – როგორც პატიმრების, ასევე ჭიათურის მდგომარეობა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულები და ვამხილოთ ჯანდაცვის სამინისტრო და მის ზურგს უკან მყოფი ადამიანები იმ კორუფციასა და მიკერძოებულობაში, რაც ჭიათურის წინააღმდეგ ჩაიდინეს“, – თქვა ტარიელ მიქაცაძემ „პუბლიკასთან“ საუბარში.


კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ იანვრიდან ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გააჩერა – მიზეზად კი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის „რადიკალური“ პროტესტი დაასახელა.

2024 წლის თებერვლიდან ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება, თუმცა პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც აპრილში  „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ განაცხადა, რომ „ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო“. გარდა ამისა, კომპანიის ხელმძღვანელად დაინიშნა რუსეთის მოქალაქე მიხაილ სოცკი.

მაღაროელების თქმით, კომპანიის გადაწყვეტილების შედეგად უმუშევრად 3000-მდე მაღაროელი დარჩა.

პროტესტში მყოფი მაღაროელები უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარებას; ჭიათურის ფონდის შექმნას, ღირსეულ სამუშაო პირობებს და  საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ.

მაღაროელები ამბობდნენ, რომ კომპანია მასობრივი დათხოვნის პროცესს უკანონოდ ატარებს. ისინი ქალაქში „ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლების ჩასვლას და კრიზისის მოგვარებაში მათ უშუალო ჩართულობას მოითხოვდნენ. ისინი ასევე უნდობლობას უცხადებენ კომპანიის ახალ წარმომადგენელს, მიხაილ სოცკის.

ჭიათურის საკითხზე „ოცნების“ ჯანდაცვის სამინისტროში სამმხრივი კომისიაც შეიქმნა, რომელშიც სამინისტროს, შრომის ინსპექციის, პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, თუმცა არა მაღაროელები.

მათ მოითხოვეს სამმხრივ კომისიაში წარმომადგენლის ჩართვა, თუმცა უშედეგოდ. ამასთანავე, მაღაროელები აცხადებდნენ, რომ სამმხრივ კომისიაში ჩართული პროფკავშირები „ერთ-ერთი მონაწილეა იმ დანაშაულის, რაც წლების განმავლობაში ჭიათურაში ხდება“ და მათ მიმართ ნდობა არ აქვთ.

მაღაროელთა პროტესტის პარალელურად 2025 წლის 29 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის მონაწილეები – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით დააკავა. ოთხივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

საქმე ეხება 2025 წლის 28 აპრილს, ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს.  გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მათ ბრალი დაუმძიმდათ.

მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს მხოლოდ მონაწილეობას ედავებიან.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე. ხოლო მასში მონაწილეობა – თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6 წლამდე.