ფიშერი: EU-სთვის საქართველოს ფაილი დახურულია ქართული მხარის ქმედებების გამო 

პუბლიკა

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი ამბობს, რომ ევროკავშირისთვის საქართველოს საკითხი დახურულია და ამას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები, დიდი ალბათობით, დაადასტურებენ დეკემბერში, ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე.

„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში პეტერ ფიშერმა თქვა, რომ ამის მიზეზი ქართული მხარის ქმედებებია.

ინტერვიუში მან ილაპარაკა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის შესახებ, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდა და რომელშიც საქართველო მკვეთრად ნეგატიურად შეფასდა.

„თუ შენ ხარ ქართველი და შენი მისწრაფება ევროკავშირში გაწევრებაა, გაფართოების შესახებ ეს ანგარიში შენთვის კატასტროფულია. მე ბევრჯერ საჯაროდ მითქვამს, ევროკავშირი იმართება წერილობით. მოვუწოდებ ადამიანებს, წაიკითხონ ეს ანგარიში.

გერმანია ეთანხმება ამ ანგარიშს. საქართველო არ არის ევროკავშირის გაწევრების გზაზე. ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს საქართველოს პასუხისმგებლობაა.

თუ ვამბობ, რომ გერმანია იწონებს ამ ანგარიშს, ეთანხმება მას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის ეს [საქართველოს] ფაილი დახურულია – არა იმიტომ, რომ არ გვინდა საქართველო. ჩვენ გვინდა საქართველო, ჩვენ შევთავაზეთ და მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ნდობაზე დაფუძნებით. არსებულ პირობებში, არსებული კურსით გერმანია აღარ მუშაობს გაფართოებაზე, არც აღარავინ ევროკავშირში.

დიდი ალბათობით, დეკემბერში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, როცა წევრი სახელმწიფოების მეთაურები შეიკრიბებიან, ისინი დაადასტურებენ, რომ საქართველოს ფაილი დახურულია ქართული მხარის ქმედებების გამო“. – თქვა პეტერ ფიშერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაშინ, როცა ის საქართველოში ჩამოვიდა – 2022 წელს, საქართველოს ჯერ კიდევ ჰქონდა ევროპული პერსპექტივა.

„მე პირადად ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო. გერმანიამ ძალიან ბევრი იმუშავა, რომ  საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო. 30 წლის განმავლობაში გერმანიას და საქართველოს ჰქონდათ პარტნიორობა, რომელიც ეფუძნებოდა დემოკრატიას, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და საქართველოს სრულ მხარდაჭერას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. კულმინაცია იყო კანდიდატის სტატუსი.

სწორედ ამის შემდეგ საქმეები ცუდად წავიდა და კიდევ უფრო გაუარესდა“. – თქვა ფიშერმა.

ევროკომისიამ გაფართოების ანგარიში 4 ნოემბერს გამოაქვეყნა.

საქართველოს შემთხვევაში დასკვნა მკვეთრად უარყოფითია.

ევროკომისიამ მიუთითა, რომ საქართველოში ვითარება მკვეთრად გაუარესდა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების კუთხით. ანგარიშში ხაზგასმულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პატიმრობა, სასამართლო სისტემის სანდოობის შერყევა, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა, დემონსტრანტების დაპატიმრებები, კანონმდებლობა, რომლის სამიზნეც სწორედ მედია, სამოქალაქო საზოგადოება, ასევე ლგბტქ ადამიანებია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსიდან „მხოლოდ სახელი დარჩა” და რომ კანდიდატის სტატუსი „მხოლოდ ქაღალდზე არსებობს“.