მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე ბრალდებული „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლე ელენე გოგუაძემ გამოაცხადა.
მოსამართლის განცხადებით, სასჯელის ვადის ათვლა 2025 წლის 20 ივნისიდან დაიწყება.
განაჩენის გამოცხადების დროს მოსამართლე გოგუაძემ განმარტა, თუ რატომ გამოიყენა სასჯელის სახედ პატიმრობა და არა ჯარიმა. გოგუაძის განმარტებით, ნიკა მელიამ დანაშაული რეციდივის ქვეშ ჩაიდინა, ის უკვე იყო ნასამართლევი და სასამართლომ სწორედ ეს გარემოება გაითვალისწინა.
მოსამართლის თქმით, როდესაც რეციდივს აქვს ადგილი, კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ სასჯელს ერთი წელი უნდა დაემატოს.
მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ მელიას შემთხვევაში შემამსუბუქებელი გარემოებაც არსებობდა. კერძოდ ის, რომ მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნიეს და ხელი შეუწყვეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე უკვე აქვს მისჯილი 8-თვიანი პატიმრობა. ასევე, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამასთან, 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელი – ჯარიმა 25 000 ლარი დაემატა განაჩენს.
თავდაპირველად სასამართლომ მას კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, თუმცა მელიამ გადახდაზე უარი თქვა. გირაოს გადასახდელად მიცემული ვადის ბოლო დღეს, 29 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. მელიას შეფასებით, ის „გაიტაცეს“ და ძალის გამოყენებით ჩასვეს ფურგონში, რომელშიც 11 ადამიანი იჯდა.
30 მაისს მელიას გირაო პატიმრობით შეეცვალა. ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა შეკითხვა, როგორ აღმოჩნდა სხდომათა დარბაზში, რაზეც შვანგირაძემ უპასუხა, რომ: „საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია თქვენი ადმინისტრაციული წესით დაკავების შესახებ“. სწორედ ამის შემდეგ შეასხა წყალი მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს.