„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო დაჩქარებული წესით განხილული კანონპროექტები.
ერთი კანონპროექტი შეეხება პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემის წესის შესახებ კანონში ცვლილებას.
კანონპროექტის მიხედვით, პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე დაიტანენ:
- მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number) რომელიც გამოიყენება უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემთა ამოკითხვისათვის;
- QR კოდს, რომლის მეშვეობით პირს შეუძლია, გადაამოწმოს ინფორმაცია დოკუმენტის ან მისი მფლობელის შესახებ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი სტუდენტის სტატუსი, მოქმედია თუ არა დოკუმენტი და სხვ.) მფლობელის თანხმობით;
- თითის ანაბეჭდს;
- პასპორტის რეკვიზიტებს ემატება პასპორტის წვდომის კოდი(CAN – Card Access Number).
- შესაძლებელი იქნება, პირადობის მოწმობის, პასპორტის შეცვლა, თუ დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი იქნება 6 თვეზე ნაკლები.
რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, ამ ცვლილებით, ადგილობრივი წარმოების 35 მილიონ კოლოფამდე სიგარეტზე ფიქსირებულად 1.3 ლარი აქციზი და 15%-იანი ადვალური აქციზის გადასახადი წესდება.
ამავე ცვლილებით, იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ფიქსირებული განაკვეთი 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე იზრდება, ხოლო ადვალური განაკვეთი – 30%-დან 20%-მდე მცირდება.