ვასილ ქერდიყოშვილი დანაშაულს აღიარებს, პროკურატურა მისთვის საპროცესოს გაფორმებას არ გამორიცხავს

პუბლიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი, აქტივისტი გელა ხასაიასა და ვასილ ქერდიყოშვილის საქმეზე დღეს არსებითი განხილვა დაიწყო. საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს.

პროკურატურა მათ დაზარალებულის ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება.

ბრალდების მხარის პოზიციით, 1 სექტემბერს თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს – რამაზ ჩადუნელს.

გელა ხასაია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

რაც შეეხება საქმეზე მეორე ბრალდებულს ვასილ ქერდიყოშვილს, მან დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, რომ აღიარებს დანაშაულს.

მოსამართლის შეკითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა ქერდიყოშვილის მიმართ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება, პროკურორმა მარიამ წულაიამ აღნიშნა, რომ „ჯერჯერობით მიღწეული არაა, თუმცა სამომავლოდ არ გამოვრიცხავ“. 

ხასაიას ადვოკატების განცხადებით, ხასაია არ იცნობს იმ პიროვნებას [ვასილ ქერდიყოშვილს], რომელიც ამავე საქმეზეა დაკავებული. მათი შეფასებით, ხასაიას მიმართ დაწყებული საქმე პოლიტიკური დევნაა.