სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან პატიმრობაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ხაბეიშვილის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა პოლიტიკოსის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვეს. მათი თქმით, ლევან ხაბეიშვილი „ივანიშვილის პირადი პატიმარია“, რადგან საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და ისჯება მხოლოდ პოლიტიკური განცხადების გამო.

აქციაზე განცხადება გააკეთა ლევან ხაბეიშვილის მეგობარმა, მარიამ დოლიძემ:

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა პოლიტიკოსი დაატყვევა პოლიტიკური განცხადების გამო. ლევან ხაბეიშვილი არა ქმედებისთვის, არა დანაშაულისთვის, არამედ სიტყვის გამო ჰყავს რუს ივანიშვილს ოთხ კედელში გამოკეტილი.

2024 წელს, რუსული კანონის მიღებისას, ლევან ხაბეიშვილი, ახალგაზრდის დასახმარებლად გაქცეული, რუსი ივანიშვილის ომონმა სასიკვდილოდ გაიმეტა, სახის ძვლები დაულეწა, ნახევარი საათის განმავლობაში აწამებდნენ, ამბობდნენ, რომ უნდა მოეკლათ და შემდეგ ეთქვათ, რომ თავი დაარტყა. ყველაფერ ამას ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, უყურებდნენ, ტელეფონით იღებდნენ. მეორე დღესვე ლევან ხაბეიშვილმა ამხილა ყველა მაღალჩინოსანი, თუმცა დღემდე ერთიც კი არ არის დაკითხული, არათუ დაკავებული.

ლევან ხაბეიშვილი 13 წლის განმავლობაში ამხელდა ივანიშვილის კორუმპირებულ რეჟიმს, მათ კორუფციულ დანაშაულებრივ ქმედებებს, ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, გომელაურს, ფარცხალაძეს, რომელთა ბრალეულობასაც დღეს უკვე ე.წ. ხელისუფლებაც კი აღიარებს, მაგრამ 11 სექტემბერს ხაბეიშვილი დაატყვევეს პოლიტიკური განცხადების გამო.

უკვე 85 დღეა, ლევან ხაბეიშვილს აკრძალული აქვს გარე სამყაროსთან ყველანაირი კომუნიკაცია, არა სატელეფონო ზარის უფლება, არა წერილი…

მინდა მივმართო, ლევან ხაბეიშვილის „საქმის“ – „ღირსებაშელახულ“ მოწმეებს – დადგება დღე, როდესაც საკუთარ სინდისს ვეღარსად დაემალებით! თავისუფლება ივანიშვილის პირად ტყვეს ლევან ხაბეიშვილს! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!“, – თქვა დოლიძემ.

ლევან ხაბეიშვილის დედა, მარინა კოტრიკაძე აცხადებს, რომ უკანონობა და უსამართლობაა, როდესაც პოლიტიკოსს პოლიტიკური განცხადების გამო აკავებენ.

„სისასტიკე უკანონობა და უსამართლობაა იმიტომ, რომ პოლიტიკოსს აკავებენ პოლიტიკური განცხადებების გამო.

მე, როგორც დედა, მოვითხოვ, ჩემი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას, თან ყველანაირი შეზღუდვები აქვს დაწესებული. მცირეწლოვან შვილებსაც, ნუ ერთხელ შეახვედრეს 1 საათით. ამაზე მეტი უკანონობა რა უნდა იყოს, პოლიტიკოსს პოლიტიკური განცხადებების გამო რომ ატყვევებენ და იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომ რამენაირად შეზღუდონ და ფსიქოლოგიურად გატეხონ“, – თქვა მარინა კოტრიკაძემ „ტვ პირველთან“ კომენტარში.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სუსმა 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავიდან განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც გულისხმობს ქრთამის მიცემას უკანონო ქმედების ჩასადენად და ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

კერძოდ, სუსმა განაცხადა, რომ „ლევან ხაბეიშვილი სოციალური ქსელებითა და ტელევიზიებით ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამს, თუ ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე“.

13 სექტემბერს ლევან ხაბეიშვილს ბრალი კიდევ ერთი – სსკ-ის 317-ე – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების მუხლით წარედგინა.

„ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს”, – განაცხადეს პროკურატურაში.

15 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე“, პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილს 2 თვით პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება შეუზღუდა. „ფორმულას“ თანახმად, სუსი აცხადებს, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ „სატელეფონო კომუნიკაციის, პაემანზე შეხვედრის ან მიმოწერის გზით პენიტენციური დაწესებულებიდან იგი შეეცდება საქმეში გამავალ პირებთან, მოწმეებთან დაკავშირებას და ზემოქმედების მოხდენას“.

14 ნოემბერს ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკოსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაწესებული შეზღუდვები კიდევ 2 თვით გაუგრძელა.